საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემას იურიდიული პირების ანგარიშების დაზღვევაც ემატება. სახელმწიფო სააგენტო კომპანიების კუთვნილ საბანკო ანგარიშებს 15,000 ლარამდე მოცულობით დააზღვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკი, რომელშიც კომპანიებს თანხა აქვთ შენახული, მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდება და ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს, დეპოზიტარებს 15,000 ლარამდე ოდენობის თანხა სახელმწიფო სააგენტოს მიერ აუნაზღაურდებათ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ სადაზღვევო სისტემას 2021 წელს 153 ათასი ბენეფიციარი კომპანია ეყოლება, რომელთა ანგარიშებიც სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაიზღვევა. კომერციულ ბანკებს კი გაუჩნდებათ დამატებითი ვალდებულება სახელმწიფო სააგენტოს სადაზღვევო პრემიის სახით წლიურად 2.6 მილიონი ლარი გადაუხადონ.
"სისტემას 2021 წელს დაემატება, დაახლოებით, 153 000 იურიდიული პირი, 2022 წელს კომპანიების რიცხვი, დაახლოებით, გაიზრდება 155 000-მდე, ხოლო 2023 წელს - 156 000-მდე. მათი დაზღვეული დეპოზიტები შესაბამისად იქნება 442 მილიონი ლარი, 457 მილიონი ლარი და 472 ლარი. დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობა (იურიდიული და ფიზიკური პირების ერთად) გახდება დაახლოებით 4.3 მილიარდი 2021 წელს, 4.5 მილიარდი - 2022 წელს და 4.7 – 2023 წელს. აღნიშნული სტატისტიკა დაანგარიშებულია არსებული სადაზღვევო ზღვრის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 1 ივლისიდან შეადგენს 15 000 ლარს. სისტემაში იურიდიული პირების ჩართვასთან ერთად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კანონპროექტით, ასევე განისაზღვრა გამონაკლისების ჩამონათვალი იურიდიული პირებისთვის, როგორც ეს ამ დრომდე განსაზღვრული იყო ფიზიკური პირებისთვის", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დღეისთვის 3.8 მილიარდი ლარის მოცულობის ფიზიკური პირების დეპოზიტებს აზღვევს, სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შემდგომ კი დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 4.3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 24 ივლისს დაარსდა. სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.