მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა

619fa0a05cc36
BM.GE
25.11.21 18:36
2294
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსების გამო 112 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას თავად მარეგულირებელი ავრცელებს. მათი მტკიცებით, 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელმა ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.

"კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონმდებლობა და არაწინასაარჩევნო პერიოდში არ განათავსონ ეთერში პოლიტიკური რეკლამა, რადგან აღნიშნულს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს. კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს კანონის აღსრულებას და სამართალდარღვევის შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება. კომისიას არაერთხელ აქვს საჯაროდ გაცხადებული, რომ მისი მიზანი არ არის მაუწყებლისთვის ფინანსური სანქციის დაკისრება, კომისიის მიზანია დაიცვას კანონი და მოახდინოს კანონდარღვევის პრევენცია, მათ შორის სამართალდამრღვევთა სანქცირებით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება - მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით.

„მთავარი არხის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევით გავრცელებულ ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“. მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“. მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების ფოტოები პარტიის სიმბოლიკისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე არის წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო კლიპის დასასრულს, როდესაც ისმის სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“ მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“",– ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები