მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ TV სარეიტინგო ბაზრის მთვლელისთვის აუდიტორი შეარჩია

60af9d6e8d980
BM.GE
27.05.21 17:35
562

საქართველოს სატელევიზიო ბაზარს ორი სარეიტინგო კომპანია "TV MR საქართველო" და "TMI" აფასებენ; ორივე კომპანია საერთაშორისო სარეიტინგო ქსელების ნაწილს წარმოადგენს. "TV MR საქართველო" "ნილსენის", "TMI" კი "კანტარის" ქსელის წარმომადგენელია.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ამ სარეიტინგო კომპანიების მიერ გაზომილი რეიტინგები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ბაზარზე გაურკვევლობას წარმოშობს და მეტიც მის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს. კომისიამ გასულ თვეში გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ისინი მზად არიან დააფინანსონ ხარისხის და სტანდარტებთან შესაბამისობის აუდიტი, რომელიც დაადგენს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ზომავენ ეს კომპანიები რეიტინგებს. ამისთვის კომისიამ 2 აპრილს ტენდერი გამოაცხადა. ამ ტენდერში ფრანგულმა კომპანია threeM threeA OÜ-მ გაიმარჯვა, რომელიც აუდიტს 169,697 ლარად ჩაატარებს.

ქვეყანაში მოქმედი ორი სარეიტინგო კომპანიიდან აუდიტი მხოლოდ TMI-ში ჩატარდება, რადგან TV MR-ის დამკვეთმა ტელევიზიებმა - TV Pirveli-მა, "ფორმულამ", "კავკასიამ" და "მთავარი არხმა" კომპანიისთვის გაგზავნილ წერილებში აღნიშნეს, რომ ისინი კომისიის მიერ დაქირავებული კომპანიის მხრიდან მსგავსი აუდიტის ჩატარებას არ მიესალმებიან.

აუდიტორის შერჩევასთან დაკავშირებით TV MR-მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და არც სხვა რომელიმე სტრუქტურა არაა უფლებამოსილი შეარჩიოს/მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი.

შესაბამისად, ვერც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანია თავად ვერ შეარჩევს აუდიტორულ კომპანიას, ამისი პრეროგატივა მხოლოდ სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს გააჩნიათ,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები