მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება უფრო ნავთობკომპანიების წახალისებაა, ვიდრე დასჯა - დეპუტატი

რომან გოცირიძე

ეს გადაწყვეტილება უფრო ნავთობკომპანიების წახალისებაა, ვიდრე დასჯა - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას საწვავის ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგადაც დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობიმპორტიორების რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმა, რაც სასაცილო რიცხვია. "თითოეულს მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს, მაშინ როცა ასეულ მილიონობით ზედმეტი ლარი იქნა ამოღებული მომხმარებელთა ჯიბიდან წლების განმავლობაში.

ეს გადაწყვეტილება უფრო ნავთობკომპანიების წახალისებაა, ვიდრე დასჯა. მომავალ შემოწმებამდე კვლავ შეუძლიათ მომხმარებელთა ძარცვა. ეს ის კომპანიებია, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები. 2015 წელს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 55 მილიონი ლარით დააჯარიმა იგივე კომპანიები. სასამართლოებში მათ ყველა დავა მოიგეს (რა თქმა უნდა, მთავრობის დახმარებით) და მხოლოდ მცირეოდენი, სიმბოლური ჯარიმის გადახდას დასჯერდნენ, მაშინდელი ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი კი რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ნავთობკომპანიები საკუთარი ინიციატივით შეამოწმა, ახლა კი კონკურენციის სააგენტომ ღარიბაშვილის სიტყვიერი მითითების საფუძველზე დაიწყო მოკვლევა, რაც დამოუკიდებელი უწყების საქმიანობაში უკანონო ჩარევაა. შედეგად, ამ კომპანიების დანდობისათვის და მომავალი შემოწმების შიშით, ისინი ვალდებული ხდებიან შეიტანონ ფული წინასაარჩევნოდ პარტიულ (და არა მარტო პარტიულ) ყულაბაში.

კონკურენციის სააგენტოს იშვიათი გაფართხალება მხოლოდ მთავრობის დავალებით ხდება. ასე ამოწმებდნენ თვეების განმავლობაში პურის ბიზნესს, სადაც ვერაფერი იპოვეს, შიში და მორჩილება კი დანერგეს. ეს მორჩილება საბოლოოდ პოლიტიკურ ლოიალობად ტრანსფორმირდება ხოლმე", - წერს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები