ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური საბჭოს წევრებს შეხვდა. მხარეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დღეს ჯანდაცვის სექტორი დგას. კერძოდ, ცვლილებები შეეხება ბინაზე მკურნალობის საკითხს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასტუმროში მოთავსებულ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა.
სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული გამოკვლევებით ბინაზე და სასტუმროში დატოვებული პაციენტების მოვლა გაუმჯობესდება.
დ-დიმერი განსაზღვრავს, აქვს თუ არა პაციენტს თრომბოემბოლიური გართულების რისკი. სისხლის საერთო ანალიზი იძლევა ინფორმაციას, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის საჭირო მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკი. სატურაციის განსაზღვრა აჩვენებს, არის თუ არა ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი.
აღნიშნული კვლევების შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება პაციენტის ბინაზე დატოვების, კოვიდ სასტუმროში გადაყვანის ან ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
"ამიერიდან კოვიდ სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის. კერძოდ, იქ გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად და პაციენტებს მსუბუქი მკურნალობა ჩაუტარდებათ. რა თქმა უნდა, დამძიმების შემთხვევაში პაციენტი გადავა კლინიკაში. გარდა ამისა, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების როლი, გაიზრდება ასევე ოჯახის ექიმების რაოდენობაც. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა მესამე და მეოთხე ემერჯენსის ლიცენზიის მქონე კლინიკა კოვიდ ინფიცირებულებსა და ცხელების მქონე პაციენტებს მიიღებს", – აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.