კრედიტორებმა Georgian Airways-ის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გეგმას კრედიტორების 98%-მა დაუჭირა მხარი.
დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. BMG-ის ინფორმაციით, გეგმა ხუთწლიანია და ამ პერიოდში ვალის დაფარვას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემდგომ Georgian Airways-ში რეაბილიტაციის რეჟიმი წყდება და ის დამტკიცებული გეგმის მიხედვით აგრძელებს ოპერირებას.
Georgian Airways-მა გაკოტრება-რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის ბოლოს დაიწყო. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაცხადს წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უძღოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.
კანონის თანახმად, რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა დაერთოს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას კრედიტორები განსაზღვრავენ, თუმცა კანონის მიხედვით, 60 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ვადა შესაძლოა კრედიტორების გადაწყვეტილებით გახანგრძლივდეს, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას კი კრედიტორთა კრება ზედამხედველობს. რეაბილიტაციის პროცესი რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე დასრულდება.