საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, კრიპტო-სტეიბლკოინი, რომელიც შესაბამისი რეზერვებითა და აქტივებით სათანადოდ არ არის დაზღვეული, ფინანსურ პირამიდას წარმოადგენს.
„თუკი სტეიბლკოინი აქტივებით ერთი-ერთშია დაზღვეული, ის სტაბილურია. თუკი ის არ არის აქტივებით დაზღვეული და თან იძლევა 20%-იანი ამონაგების მოცემის პირობას, ის პირამიდას წარმოადგენს. რა ემართებათ ფინანსურ პირამიდებს? - საბოლოოდ ისინი ინგრევიან“, - განაცხადა გეორგიევამ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
სტეიბლკოინი კრიპტო-ბაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.
სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს. $1-ზე მეტად გამყარების ან გაუფასურების შემთხვევაში, სტეიბლკოინი აზრს დაკარგავს, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები და ინვესტორები კი უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.
IMF-ის დირექტორის განცხადება მიმდინარე თვეს ერთ-ერთი უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ის (UST) კოლაფსს და მისი ღირებულების 0 დოლარამდე შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ UST-ის ღირებულება არა სარეზერვო აქტივებით (ვალუტა, ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები), არამედ საკუთარი ალგორითმით იყო დაზღვეული, რომელმაც, როგორც ჩანს, ვერ გაამართლა, $20-მილიარდიანმა სტეიბლკოინმა კი სრული კოლაფსი განიცადა.