სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ კომპონენტში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ჩაერთო და მის ბენეფიციარებს სალიზინგო პროდუქტებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით სთავაზობს.
როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად თანამშრომლობა სააგენტოს პროგრამას - ბიზნეს უნივერსალს ეხება. პირობების მიხედვით კი, მომხმარებლებს, რომლებიც „კრისტალის“ სალიზინგო მომსახურებით ისარგებლებენ, „აწარმოე საქართველოში“ ლიზინგის პროცენტს - რეფინანსირების განაკვეთს მინუს 3%-ით დაუფინანსებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიის პერიოდი, წინა კონტრაქტით განსაზღვრული მაქსიმუმ 36 თვის ნაცვლად, ახლა ლიზინგის სრულ პერიოდზე ვრცელდება.
ბიზნეს უნივერსალის მიზანი საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნა და უკვე არსებულების გაფართოება-გადაიარაღების ხელშეწყობაა.
„ამგვარ პროგრამებში ჩართულობა კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, არა მხოლოდ ლიზინგის მიმართულება განვავითაროთ, არამედ მონაწილეობა მივიღოთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - აცხადებენ „კრისტალში“.
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“ ლიზინგის მიმართულება ორ წელზე მეტია ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში კრისტალ-ლიზინგმა ბიზნესსაქმიანობები ისეთი ტიპის ძირითადი საშუალებებით დააფინანსა, როგორებიცაა ბეტონის საწარმოები, სატვირთო ავტომობილები და სპეცტექნიკა, ფრონტალური დამტვირთველები, აგროტექნიკა, სარესტორნო მოწყობილობები, სამედიცინო მოწყობილობები, ესთეტიკის ბიზნესმოწყობილობები, მსუბუქი ავტომანქანები როგორც პირადი, ისე ბიზნეს მიზნებისთვის.
ლიზინგის მიმართულებით კრისტალი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას. გუნდის მიზანია, კრისტალ-ლიზინგი ჩამოყალიბდეს ლიდერ ფინანსურ კომპანიად, რომელიც მეტი ფინანსური სტაბილურობის გარანტი და განვითარების შესაძლებლობა იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
კრისტალ-ლიზინგის მომსახურების მიღება მომხმარებელს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, კრისტალის 50-მდე ფილიალში შეუძლიათ.