ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ევროპაში 2008 წლის მსგავსი კრიზისის დაწყებას პროგნოზირებს, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები კორონავირუსიდან მომდინარე რისკების საპასუხოდ შესაბამის მონეტარულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
სამშაბათს, ლაგარდსა და ევროზონის ქვეყნის ლიდერებს შორის კომუნიკაცია შედგა. ლიდერებს შორის გამართულ ვიდეოზარზე მხარეებმა ECB-ის მიერ მიმდინარე კვირაში მონეტარული სტიმულირების პროგრამის გაფართოებაზე იმსჯელეს.
ამ კვირაში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცენტრალური ბანკი საბანკო სისტემის ლიკვიდობის შესანარჩუნებლად, ფულის რესურსის ღირებულების (მონეტარული განაკვეთის) შემცირებას გეგმავს.
2020 წელს ევროზონაში 0.8%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული.
არსებული მდგომარეობით, ევროზონის ეკონომიკებიდან ვირუსი ყველაზე მეტად იტალიის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას - ქვეყანაში მოქმედი საკარანტინო პირობების გამო იტალიაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამასთანავე, უცნობია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება გახანგრძლივდეს აღნიშნული ზომები. მზარდია ვირუსის შემთხვევები საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაშიც.
დღესვე, ვირუსის ეკონომიკური ეფექტების შესარბილებლად, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 0.25%-მდე შეამცირა.