მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KTW-მ პატარძეულის ქარხანაში $315 000 ინვესტიციით მზის ელექტროსადგური მოაწყო

61efe47c7126d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 23:30
2464
კომპანიამ "კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) პატარძეულის ქარხანაზე 315 000 დოლარის ინვესტიციით, 448 კვტ სიმძლავრის მზის პანელების სადგური მოაწყო.

პროექტის განხორციელება Helios Energy Georgia-მ 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში დაასრულა. პროექტი პარტნიორ კომპანია APM Heating Systems-თან ერთად განხორციელდა. BM.GE-სთან საუბრისას "KTW ჯგუფის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პატარძეულის ბრენდისა და ჭაჭის გადამამუშავებელი საწარმოს ჰელიო სისტემით აღჭურვა პანდემიისა და არსებული რეგულაციების გათვალისწინებით 2 ეტაპად განხორციელდა, ჯამურმა ინვესტიციამ კი 315 000 დოლარი შეადგინა.

„პატარძეულის საწარმოში 448 კვტ სიმძლავრის სადგური დამონტაჟდა, რომელიც საწარმოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების დაახლოებით 70%-ს ჩაანაცვლებს. მზის ენერგიის გამოყენების დაზოგილი თანხა თავად წარმოების პროცესს მოხმარდება და შესაძლებელი გახდება მისი რეინვესტირება. შემცირებული გადასახადი შეღავათი იქნება კომპანიისთვის, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე პირდაპირ აისახება“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

KTW ჯგუფის დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ ორი მზის ელექტროსადგური მისი მართვის ქვეშ არსებულ სასტუმროებში უკვე განათავსა და სამომავლოდ მწვანე ენერგიის გამოყენებას სხვა პროექტებთან მიმართებითაც გეგმავს.

„ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს, ბიზნესისთვის ხელსაყრელია. ვფიქრობ, KTW ჯგუფმა კომპანიის ერთ-ერთ ძირითად საწარმოში 448 კვტ სიმძლავრის სადგურის დამონტაჟებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან პატარძეულის საწარმოს გარდა, მზის ენერგიით KTW ჯგუფის სასტუმრო კახეთში Akhasheni Wine Resort & Spa და თბილისში განახლებული ორბელიანის მოედანზე არსებული Orbeliani Residence Hotel-ი მარაგდება. ამ მიმართულებით სამომავლოდაც გვაქვს მიზნები და მსგავსი პროექტის განხორციელებას ჩვენს კიდევ ერთ საწარმოში, მანავში ვგეგმავთ“, - განაცხადა KTW ჯგუფის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები