მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კუთვნილი თანხების დროულად გადახდა უნდა მოხდეს“ – GDBA ახალი კანონის შესახებ

6454b42c64e66
BM.GE
05.05.23 23:30
555
2023 წლის დასაწყისისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში პირველადი პროდუქტის ფასების შემცირების აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ზედიზედ რამდენიმე მთავრობის სხდომის დროს ჯერ დისტრიბუტორებსა და შემდეგ "რიტეილ" სექტორს სურსათის გაიაფებისკენ მოუწოდებდა. ამავე სხდომების პარალელურად მთავრობის მეთაურისგან გაკრიტიკებული დარგის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ხვდებოდნენ. მალევე ირაკლი ღარიბაშვილმა სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევრო დირექტივის შესაბამისად, კანონპროექტის მომზადება დაავალა. თებერვლის შემდეგ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ევრო დირექტივის შესაბამისი კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ბაზარზე უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას აღმოფხვრის.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ, რომელიც კანონპროექტის სამუშაო ვერსიას იცნობს, გადაცემა #წერტილში იმაზე ისაუბრა, თუ რას დაარეგულირებს ახალი კანონი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მიღება დარგისთვის.

ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ დისტრიბუტორებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს დისტრიბუციასა და "რიტეილს: შორის თანხების ანგარიშსწორების ვადები წარმოადგენს, რადგან თანხების დარიცხვის რამდენიმეთვიანი დაგვიანების გამო, კომპანიების დიდი ნაწილი ზარალდებოდა, ზოგიერთი კოტრდებოდა და ბაზრიდან გადიოდა.

„2019 წელს ყველა ევროპულმა ქვეყანამ აღნიშნული კანონი მიიღო. 2021 წელს ჩვენი ინიციატივით გვქონდა ბიზნეს ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კანონის მოქმედება განვიხილეთ, რადგან "რიტეილ" სექტორის გამსხვილება, ბაზარზე ფასების ზრდას განაპირობებდა. როდესაც შენ 1-ლარიან პროდუქტს აწვდი და გადასახდელი 10% გაქვს, მომდევნო წელს 20% ან 30% გიხდება, ამის ფასში ასახვა უნდა მოხდეს.

რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენთვის კუთვნილი თანხების დროულად გადახდა უნდა მოხდეს. აქ საუბარია გადახდის პირობებზე. კომპანიის მიერ მიწოდებულ პროდუქციას, რომელიც აპრილის თვეში გაიყიდება და ამის ანაზღაურებას ივლისის ბოლოს მიიღებს კომპანია, ეს მას ძალიან აზარალებს. რეალიზებაზე გარკვეული ვადა იქნება, ანუ სადისტრიბუციო კომპანიამ მაგალითად აპრილში მიწოდებული პროდუქტის რეალიზების შემდეგ, რიტეილიდან თანხა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნდა მიიღოს“, - განმარტავს ჭყონია და დასძენს: „კანონპროექტის დრაფტში ეს საკითხი ბუნდოვანია და როდესაც მთავრობა შიდა განხილვას დაასრულებს, მაშინ ჩვენ გვექნება შენიშვნები. კანონპროექტის შემუშავებაში ძალიან ბევრი მხარე უნდა იყოს ბიზნესიდან ჩართული, რადგან ყველა მხარის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია“, - თქვა ჭყონიამ.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერი სურსათის ფასებით დაინტერესდა ბაზარზე მათი ღირებულება რეალურად შემცირდა, თუმცა ეს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასების შემცირებით იყო განპირობებული, რაშიც გარკვეული წილი მთავრობის მიმართვასაც ჰქონდა.

„მე ასოციაციას წარმოვადგენ და ვერ ვიტყვი ვინ რამდენი პროცენტი დააკლო პროდუქტზე, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ფასები თუ შედარებით შემცირებულია, მე ვერ დავარქმევ ამას მათი თხოვნა/მოთხოვნიდან გამომდინარეს, საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი იყო ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარესთან, სადაც წარმოდგენილი ვიყავით ჩვენ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია "რიტეილ" ასოციაციასთან ერთად და მოკლე პერიოდის განმავლობაში იმაზე შევთანხმდით თუ რა უნდა გაგვეკეთებინა კრიტიკულად მნიშვნელოვან პროდუქტებზე, ისეთები როგორიცაა ზეთი, შაქარი და ა.შ. გვთხოვეს, რაღაც გადაწყვეტილება მიგვეღო. შიდა დისკუსიიდან გამომდინარე, სანამ ჩარჩოზე ჩამოვყალიბდებოდით, გარკვეულ პერიოდში სააქციო საფასო პოლიტიკის გატარება დაგვეწყო“, - ამბობს ჭყონია.

კითხვაზე - იყო თუ არა ეს ჩარევა მთავრობის მხრიდან, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „ჩარევა იყო... მოდი ასე ვთქვათ, სახელმწიფო ხომ ჩვენი პარტნიორია და მან გვთხოვა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტზე რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ სტაბილური ფასი ყოფილიყო... თუმცა ეს მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ბაზრის პრინციპით ცხოვრობს და ზღვრის დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ასე არაჯანსაღ გარემოს მივიღებთ.

მაგალითისთვის, ზეთის ღირებულება ერთი წლის წინ 12-13 ლარი ღირდა, თუმცა დღეს აქციის ფარგლებში 3 ლარის ფარგლებშია, ეს განცხადების საფუძველზე არ მომხდარა, ეს უბრალოდ თავისუფალი ბაზრიდან გამომდინარე მოხდა, საერთაშორისო ბაზარზე ფასები შემცირდა, მათ შორის წიწიბურაზე, ბრინჯზე, ხილ-ბოსტნეულზე ... ბაზარი ასე რეგულირდება“, - განმარტა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები