გთავაზობთ, გასული კვირის (31 ოქტომბერი – 5 ნოემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას.
1. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა;
2. 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა;
3. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების მიხედვით;
4. ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები 2022 წლის ათი თვის მონაცემების მიხედვით;
5. რა პრობლემებს აწყდებიან გასაქირავებელი ბინების მესაკუთრეები და რატომ იკავებენ ბინების გაქირავებისგან თავს;
6. მთავრობამ მორიგი 100 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო;
7. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ;
8. სსიპ-ებსა და აიპ-ებში შტატგარეშედ დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა;
9. მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამას იწყებს;
10. საქართველოს საპენსიო სააგენტოს 9 თვის შესრულებული ანგარიშის სტატისტიკა.
1. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა
2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10.2% იყო. ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ბრუნვის მატება დაფიქსირდა, კლება კი მხოლოდ დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში დაფიქსირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fG6xkn ; https://bit.ly/3DDpAE0
2. 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა
2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები 15.8%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ინფლაციაზე 5.22%-ული პუნქტით აისახა. ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა ასევე შემდეგ ჯგუფებში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (16.8%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (13.5%); ტრანსპორტის ჯგუფი (11.6%) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11.3%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3t3rjxu ; https://bit.ly/3sY1krf ; https://bit.ly/3E3CHzv
3. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით
საქსტატმა, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა (2 414.7 ლარი), ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა - არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე (674.1 ლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hibsIR
4. ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები 2022 წლის ათი თვის მონაცემების მიხედვით
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურიზმის ათი თვის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან აღდგენის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, კერძოდ კი, იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით თითქმის 45%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან განხორცილდა (44 252 ვიზიტი). რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 9 თვეში საქართველოში ტურიზმიდან 2.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3UbA44v ; https://bit.ly/3Upcf9z ; https://bit.ly/3WzYiXv
5. რა პრობლემებს აწყდებიან გასაქირავებელი ბინების მესაკუთრეები და რატომ იკავებენ ბინების გაქირავებისგან თავს
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის იურისტის, ოთარ კაჭკაჭიშვილის მიერ გადაცემა „საქმის კურსში“ გაკეთებული განცხადებით, მესაკუთრეები მათთვის უცნობი ადმიანებისთვის ქონების გადაცემისას თავს დაუცველად გრძნობენ, რის გამოც მესაკუთრეები ბინების გაქირავებისგან თავს იკავებენ. ამიტომაც, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3E6AUtO ; https://bit.ly/3UqX7YL ; https://bit.ly/3DCQc7T
6. მთავრობამ მორიგი 100 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგ აუქციონზე 2-წლიანი ვადიანობის 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულებისა და 182-დღიანი ვადიანობის 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა. აუქციონში კი მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DEYegL
7. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ. ამასთან, იაპონელები ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებითაც არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების, “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია გამოთქვამს ინტერესს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hhwsiV
8. სსიპ-ებსა და აიპ-ებში შტატგარეშედ დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასით გაიზარდა
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთავრობის დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასით, 43 500-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვეში სსიპ-ებსა და აიპ-ებში სულ 352 მილიონი ლარის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 44 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ხოლო, კონკრეტულად რამდენი ლარის ანაზღაურება გაიცა შტატგარეშე დასაქმებულებზე, მითითებული არ არის.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3E3vtvk
9. მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამას იწყებს
მიმდინარე წელს არსებული კლიმატური პირობების, თხილის მცირე მოსავლიანობისა და ასევე, საერთაშორისო ბაზარზე თხილის შემცირებული ღირებულების გამო, მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამას იწყებს, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროგრამის ამოქმედებისთვის კი თხილის ბაღების აღრიცხვის პროგრამა შეიქმნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DGnaEl ; https://bit.ly/3sZZyWi
10. საქართველოს საპენსიო სააგენტოს 9 თვის შესრულებული ანგარიშის სტატისტიკა
ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 30 ივნისისთვის საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.66 მლრდ ლარი შეადგინა. სააგენტომ 435.0 მლნ ლარის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში განახორციელა, 174 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ სამთავრობო ობლიგაციებში არის განთავსებული, ხოლო 10.0 მლნ ლარი ბანკების ვადიან დეპოზიტებზე განათავსა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fyLArF