უმუშევრობა საქართველოში მთავარ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, პანდემიის პირობებში კი, როცა თითქმის მთლიანად გაჩერდა ეკონომიკა, დასაქმების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ამის ნათელი გამოვლენაა ის სტატისტიკა, რაც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გამოაქვეყნა. გასულ კვირას, სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო, ხოლო პორტალზე 53 274 ადამიანი დარეგისტრირდა. ცხადია კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში, თუნდაც დროებით დასაქმებისა და საქართველოს რეალობაში მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ეს ამავე დროს მიუთითებს საქართველოს დაბალ ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბეზე. იმ ფონზე, თუ რაოდენ დიდ ეკონომიკურ აქტივებსა და რესურსებს ფლობს საქართველო, არ იყენებს ამ უდიდეს სიმდიდრეს (ურბანული და სასოფლო მიწები, წიაღისეული, ტყის ფონდი, შენობა-ნაგებობები და სხვ) და მთავრობა მისი მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მოქალაქეებს სიღარიბეში აცხოვრებს. ( https://bit.ly/3pzIRgo)
გთავაზობთ გასული კვირის (15 – 20 თებერვალი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში
2. 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონემ 20.4% შეადგინა
3. 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტი 16,2%-ით, ხოლო იმპორტი 16,6%-ით შემცირდა
4. 1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ
5. სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს დასკვნით საწვავის იმპორტის ბაზარზე კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია
6. 2 წლიანი გაერთიანების შემდეგ როგორ იყოფა განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები
7. $40-მილიონიანი ინტერვენციის გავლენა ლარის კურსზე
8. მთავრობა „100 საპრივატიზაციო ქონების“ პროგრამას აფართოვებს
9. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) აღებული 100 მილიონი ევროს სესხი კოვიდ-კრიზისზე და ვაქცინებზე დაიხარჯება
10. იანვრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
1. ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში
პოლიტიკურად ცხელი და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების კვირა გვქონდა ქვეყანაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მისი განმარტებით გადაწყვეტილების მიზეზს ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე წარმოადგენდა. პრემიერ მინისტრის გადადგომასთან ერთად, თანამდებობა დატოვა ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ და უმრავლესობამ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც 2012 წლიდან სხვადასხვა პერიოდში შს მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის პოზიციებს იკავებდა. პარლამენტი ახალ მთავრობას 22 თებერვალს დაამტკიცებს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში კი მხოლოდ 2 ახალი სახე იქნება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე.
ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის შემადგენლობა : https://bit.ly/3aEj9TA ;
საქართველოს ეკონომიკა გიორგი გახარიას მმართველობის პერიოდში: https://bit.ly/2OUb3hj
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aECZ19 ; https://bit.ly/3ug5pGy ; https://bit.ly/3aAYboJ
2. 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონემ 20.4% შეადგინა
პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკის ჩაკეტვა ცხადია უარყოფითად აისახა დასაქმების დონეზე, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 20.4% შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც ნიშნავს რომ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სამსახურის შოვნის იმედი გადაეწურათ და ეკონომიკურად პასიურ მდგომარეობაში რჩებიან.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZxMh8Z ; https://bit.ly/2NpPiFQ
3. 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტი 16,2%-ით, ხოლო იმპორტი 16,6%-ით შემცირდა
ეკონომიკის ჩაკეტვამ უარყოფითი შედეგები მოიტანა საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც. 2021 წლის იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5%-ით შემცირდა და 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში 16,2%-ით შემცირდა ექსპორტი (224.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო 16,6%-ით იმპორტი (538.1 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულია: აზერბაიჯანი (15,3%); ბულგარეთი (12,0%) და ჩინეთი (12,0%). ხოლო უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეული კი შემდეგია: ჩინეთი (18,5%); თურქეთი (17,3%) და რუსეთი (10,3%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37zcMiC ; https://bit.ly/3uijLWO
4. 1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ
1 მარტიდან ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალება. დამსაქმებელმა დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და გაცდენები "ტაბელის" ცხრილის სახით უნდა აღრიცხოს. სიების არქივის შენახვა კი 1 წლის ვადით უნდა მოხდეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dBRFjt
5. სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს დასკვნით საწვავის იმპორტის ბაზარზე კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია
იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და ამავე დროს გაძვირებას კიდევ ელოდებიან, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასმა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ამ ფონზე, სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საწვავის იმპორტის ბაზარზე კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია და ამავე დროს ბაზარზე შემოსულნი არიან ახალი მოთამაშეები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ulYiMC ; https://bit.ly/3sfgGFf ; https://bit.ly/3sawQzN
6. 2 წლიანი გაერთიანების შემდეგ როგორ იყოფა განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები კვლავ იყოფა. კულტურისა და სპორტის სამინისტროებში დღეს მოქმედი უწყებიდან 329 შტატი გადავა, სადაც 60 ვაკანტურია. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით შტატების გაზრდა 2022 წლამდე არ მოხდება, ხოლო შემდეგ იმის მიხედვით იმოქმედებენ თუ რა საჭიროებები გაჩნდება სამინისტროში. აღნიშნული გაყოფის მიზეზად კი ასახელებენ, რომ ყოფილი სამინისტროების მართვა სხვადასხვა გამოცდილების მქონე მენეჯმენტისთვის შეუძლებელი გახდა და ვერ მოხდა მისი ადმინისტრირება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kbYVEa ; https://bit.ly/3aJaq2R
7. $40-მილიონიანი ინტერვენციის გავლენა ლარის კურსზე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 თებერვალს 2021 წელს რიგით მესამე სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რამაც მხოლოდ ერთ დღიანი შედეგი მოგვცა, 19 თებერვალს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0,23 თეთრით გამყარდა, თუმცა 20 თებერვალს 0,25 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარმა 3,3069 ლარი შეადგინა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dtF5Tr
8. მთავრობა „100 საპრივატიზაციო ქონების“ პროგრამას აფართოვებს
მთავრობა „100 საპრივატიზაციო ქონების“ პროგრამა აფართოვებს, რაც გულისხმობს შემდეგს: მთავრობა მარტში საპრივატიზაციოდ 150 სახელმწიფო ქონებას გამოიტანს, ამავე დროს აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება. მთავრობას მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა და 50 საბადოს საპრივატიზაციოდ გამოტანა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3siF211; https://bit.ly/3bpjxVj ; https://bit.ly/37z4fMt
9. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) აღებული 100 მილიონი ევროს სესხი კოვიდ-კრიზისზე და ვაქცინებზე დაიხარჯება
2016 წელს საქართველოს მხარემ ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) რეგიონული განვითარების პროექტების განსახორციელებლად 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა მთავრობამ განსაზღვრული პროექტები ვერ განახორციელა, პანდემიური ვითარების ფონზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკის თანხმობით სესხის მიზნობრიობა შეცვალეს და ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისის მიწოდების გაუმჯობესებასა და ვაქცინების შეძენაზე დაიხარჯება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2NIF9nB
10. იანვრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში უცხოეთიდან საქართველოში მიღებულმა გზავნილებმა ჯამში 149,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 25%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 19,2%-ით არის გაზრდილი. ქვეყნების მიხედვით გზავნილებში ლიდერობენ: იტალია (მთლიანი გზავნილების 18,2%); რუსეთი (15,5%); საბერძნეთი (12,4%); აშშ (12,1%) და ისრაელი (8,8%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3s7OiEQ