ლაგოდეხსა და ყვარელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წვიმა და სეტყვა მუნიციპალიტეტებში გუშინ, გვიან ღამით იყო და შედეგად, დაზიანებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
„დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ პრობლემები შეუქმნა ყვარლის მოსახლეობას. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაისეტყვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ქარმა მოგლიჯა ხეები, რამდენიმე სახლს მოხადა სახურავი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, - ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
რაც შეეხება ლაგოდეხს, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
„სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანა; დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა.
ოპერატიულად მიმდინარეობს მოსახლეობის დახმარება, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
ორივე მუნიციპალიტეტში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.