მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხში თხილის საწარმო "კახეთის თხილი" ამოქმედდა – რა შესაძლებლობები აქვს საწარმოს?

5f7822ec8eb75
BM.GE
03.10.20 12:15
1956
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ლაგოდეხში, თხილის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შპს „კახეთის თხილი“ თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს მოიცავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად 250,000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 275,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, 277,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, 50,000 აშშ დოლარი USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) ფარგლებში გაცემული გრანტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

საწარმოში წლიურად 1,000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი. შეიქმნა 16 ახალი სამუშაო ადგილი; საწარმოს მომსახურებით 200 ფერმერზე მეტი ისარგებლებს.

ახალი საწარმოს გახსნას, ლევან დავითაშვილთან და კელი დეგნანთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენ, USAID ერთად, რამდენიმე წელია ვახორციელებთ თხილის სექტორის რეაბილიტაციის დახმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გახსნილი თხილის საშრობი ძალიან მნიშვნელოვანია თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას გავაგრძელებთ მომავალ წელსაც, რათა ფერმერებმა შეძლონ თავიანთი მოსავლის სწორად დაბინავება, გაშრობა, მაღალი ხარისხის პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავლი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

„ახალი საწარმო რიგით მეექვსეა, რომელიც USAID-ის, საქართველოს მთავრობისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმო, რომელიც რეგიონის 200-ზე მეტ ფერმერს მოემსახურება, გაზრდის ფერმერების შემოსავალს, გააუმჯობესებს მათი ოჯახების კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები და USAID ამაყია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ პროექტს”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები