მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლაგუნა ვერეს იგივე დანიშნულება ექნება“ - რა ცვლილები იგეგმება მიმდებარედ?

63d0f67d1f5e9
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.23 14:25
833
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ლაგუნა ვერეს თავისი ფუნქცია შეუნარჩუნდება და მუნიციპალიტეტი მის აღდგენა-მოწესრიგებაზე იმუშავებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლაგუნა ვერეს ინფრასტრუქტურა სრულად შენარჩუნდება, შედის განაშენიანების გენერალური გეგმის არეალში და რჩება როგორც არის. ამასთან ერთად მფლობელს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ეს ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცეს და შემდგომში მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიის აღდგენა მოწესრიგების საკითხზე იმუშავებს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ლაგუნა-ვერეს გვერდით კომპანია „კოსტავა 69“-ის მიერ დაგეგმილი მულტიკომპლექსური პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელია ტერიტორიის მოწესრიგება, რაც მათ შორის ლაგუნასთან არსებული ავტოგასამართი სადგურების აღება, რის ინიციატივაც მერიას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ეს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაა. სატრანსპორტო კუთხით ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია და ამ დატვირთულობას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტექმომსახურების პუნქტები და ბენზინგასამართი სადგურები კიდევ უფრო ამწვავებს. 5 წლის წინ მუნიციპალიტეტს ამ ბენზინგასამართი სადგურების აღების ინიციატივა ჰქონდა, რათა ტრანსპორტისთვის მეტი სიხალვათე და სივრცე მიგვეცა. შესაბამისად კარგი იქნება, რომ მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება ტერიტორიის მთლიანი მოწესრიგების ფარგლებში დავიწყოთ მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოვაწესრიგოთ ასევე საფეხმავლო სივრცეები და მიწისქვეშა გადასასვლელები“, - განაცხადა ხმალაძემ.

საქმე ის არის, რომ გასული წლის სექტემბერში თბილისის ვიცე-მერი ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებული ავტოგასამართი სადგურების აღების საკითხზე ამბობდა, რომ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არსებული ინფრასტრუქტურის აღება ქალაქს ხელშესახებ ცვლილებას არ აძლევდა. აქედან გამომდინარე BM.GE-მ ირაკლი ხმალაძეს ჰკითხა, რატომ არ მიიღო მაშინ ავტოგასამართი სადგურების აღების გადაწყვეტილება: „ტრანსპორტის კუთხით ერთია, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიზუალური მოწესრიგება, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ფართომასშტაბიანი, საზოგადოებრივი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არავისთვის მიზანშეწონილი არ არის რომ წინ ვულკანიზაცია და ბენზინგასამართი სადგურია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები