მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაითურის პლანტაციებიდან ექსპორტზე 90 ტონა მოცვი გავიდა - რა ღირს და სად იყიდება?

5f86f2ac883be
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.20 17:17
5207
ოზურგეთის სოფელ ლაითურში 32 ჰა მოცვის პლანტაციების მფლობელმა და მმართველმა კომპანია "ეფკომ" 2020 წლის სეზონზე ექსპორტზე 0.5 მლნ დოლარის ღირებულების 90 ტონა მოცვი გაიტანა. როგორც BM.GE-ისთან საუბრისას, პროექტის მენეჯერი რატი მორჩილაძე აცხადებს, რომ მოცვის მთავარი საექსპორტო ბაზარი პანდემიის გამო რუსეთი იყო.

„წელს, როგორც ყველა სხვა მწარმოებელმა, მოცვი რუსეთში გავიტანეთ, რადგან დანარჩენი ბაზრებისგან განსხვავებით, პანდემიის გავლენით რუსეთის ბაზარზე არანაირი პრობლემა არ შექმნილა - არც ლოგისტიკურ ნაწილში და არც სხვა - მხრივ“, - განაცხადა რატი მორჩილაძემ.

მისივე თქმით, წელს რუსეთში მოცვზე მოთხოვნის პარალელურად, ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

„რუსეთში მოცვზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ფასი წელს იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ველოდით და ბიუჯეტირებული გვქონდა. გასულ წელთან შედარებით მოცვის ღირებულება რუსეთში 20%-25%-ით გაიზარდა, რასაც პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო არ ველოდით. ჩვენს შემთხვევაში, 1 კგ მოცვის ღირებულება 5.5 დოლარი იყო“, - აღნიშნა „ეფკოს“ წარმომადგენელმა.

რატი მორჩილაძე ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია კომპანიის სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რათა ერთ ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებულები. მისი ინფორმაციით, რომ არა COVID-19 და მისი თანმდევი გართულებები, რაც კომპანიისთვის ხარისხის სერტიფიკატის აღებაში გამოიხატა, წელს „ეფკოს“ მოცვი ევროკავშირის ბაზარზეც გაიყიდებოდა.

„გვყავს პარტნიორები და შესაბამისად, მომავალი წლიდან მოცვს ევროკავშირისა და გალფის ქვეყენებში შევიტანთ“, - უთხრა BM.GE-ის რატი მორჩილაძემ.

ცნობისთვის, კომპანია „ეფკომ“ საპარტნიორო ფონდის მმართველობაში არსებული სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები 2020 წლის 29 ივნისს 12.3 მლნ ლარად შეისყიდა. „ეფკო“ ლურჯი მოცვის პალანტაციების განვითარებისთვის 9 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. 

შეგახსნებთ, სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენდა. კომპანიის მფლობელობაში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები