საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” ქვეყანაში დედოლარიზაციის ძირითად ტენდენციებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც ძნელაძემ აღნიშნა, ლარიზაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორი მოგების გადასახადის მოხსნა იყო, რადგან შედეგად, წლიდან წლამდე კომპანიების მიერ ლარის მოცულობა პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა.
“საქართველოში დოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალი და თვლადია. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობის და კომპანიების დანაზოგები ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოურ ვალუტაშია. რატომ აკეთებს დანაზოგს ფიზიკური პირი ვალუტაში? იმიტომ, რომ გრძელვადიანი აქტივის შესაძენად დღეს კვლავ უცხოურ ვალუტაზე ვართ მიბმულები. კერძოდ, რეალურად ფიზიკური პირებს გრძელვადიანი აქტივების შეძენის კუთხით, ურჩევნიათ, ეს თანხა უცხოურ ვალუტაში შეაგროვონ. მეორე ნაწილია კომპანიები, რომლის დიდი ნაწილი იმპორტით არის დაკავებული, ერთგვარ გადაზღვევას აკეთებენ და თანხას უცხოურ ვალუტაში იგროვებენ.
ე.წ. ესტონური მოდელის შემოღება ლარიზაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორი იყო. ამან ხელი შეუწყო უფრო მეტი ლარის აკუმულირებას კომპანიებში და შედეგად წლიდან წლამდე კომპანიებში ლარის მოცულობა პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა. ლარიზაციის პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია საპენსიო რეფორმა", - განაცხადა ძნელაძემ.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარეშე, შეზღუდვები და რეგულაციები იმატებს ანუ აკრძალვები უცხოურ ვალუტასთან ფასის დადგენასთან და სესხის გაცემასთან მიმართებაში ხელოვნურად ხდება, რაც პირდაპირპროპორციულად მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის.
“თუ ხელოვნურად ხდება გარკვეული შეზღუდვების შემოღება, ეს პროცესი სახელმწიფოს და სებ-ის მხრიდან მეტ ჩართულობას, მეტი ლარის მიწოდებას და ბიზნესისთვის მეტ მოხმარებას საჭიროებს", - აღნიშნა ძნელაძემ.
ასევე, ალექსანდრე ძნელაძემ "საქმიან დილაში" პასუხი გასცა კითხვას - რატომ არის დედოლარიზაცია კარგი. დამატებით, როგორც მან განმარტა, სწორედ ლარის დასტაბილურებისთვის ლარიზაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია.
“დედოლარიზაცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმოების წახალისებას. თუ კურსის შემცირება ხდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოება უფრო კონკურენტული ხდება. როდესაც ინფლაცია თარგეთირებულია და როდესაც ის მართვადია, კურსის ცვალებადობა მოსახლეობაზე პირდაპირ არ აისახება. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფომ როგორც რეგულაციის, ასევე, სხვა მაჩვენებლებით ლარიზაციის კუთხით მაქსიმალურად დიდი ნაბიჯები გადადგა.
მცოცავი კურსის ნაწილში, ლარის გაუფასურება სიმპტომია ანუ სადღაც რომელიმე ეკონომიკური მიმართულება სტაბილური არ არის და ეს ცვალებადობას იწვევს. ამ ნაწილში მზად ვართ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, რაც მეტი ლარის მიწოდებას და ბაზარზე ფასიანი ქაღალდების განვითარებას გულისხმობს. ლარიზაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არჩეული კურსია და უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით მივდივართ", - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.