მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ალაფიშვილი: მთავრობაში უნდა ესმოდეთ, რომ დროებით მმართველს სადავო გარიგების შეცვლა არ შეუძლია

5f7da44674056
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.20 15:41
1110
“მთავრობაში ვინც არის გონიერი ადამიანი, უნდა ესმოდეს, რომ დროებით მმართველს სადავო გარიგების შეცვლა არ შეუძლია,” - განაცხადა იურისტმა ლევან ალაიშვილმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში.

ალაფიშვილის თქმით, დღეს “კავკასუს ონლაინში” განსხვავებული ვითარება შეიძლება ყოფილიყო, თუკი კომპანია პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს დაუყოვნებლივ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა, რადგან სასამართლოს კანონის მოქმედების შეჩერება შეეძლო. ალაფიშვილი აცხადებს, რომ “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ კანონის ახალი მუხლის გამოყენება პრაქტიკულად გარდაუვალი იყო, რადგანაც ცვლილებები სწორედ კომპანიის სანქცირებისთვის იყო მიღებული.

ამასთან იურისტი ამბობს, რომ სპეციალურ მმართველს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია.

"დროებით მმართველს არ შეუძლია ამ პროცესისთვის ხელის შეშლა, თუმცა სამწუხაროა, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, "კავკასუსის" მეწილემ და მხარემ მაინც სცადა მთავრობასთან ბოლომდე შეყოლა და სწორედ ამაში ტაქტიკურად წააგო. ფაქტია, რომ კანონი სწორედ მისთვის შეცვალეს და შესაბამისად, მას ეს კანონი თავიდანვე უნდა გაესაჩივრებინა. კომპანიამ მთავრობას მისცა დრო, რომ ის ანტიკონსტიტუციური კანონი აემოქმედებინა და მის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა. დღეს მივიღეთ შედეგი, რომ ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართული არ არის და შესაბამისად, დროებითი მმართველიც უკვე დანიშნულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ის მანდატი, რომ გარდა სარჩელის შინაარსობრივი, არსებითი განხილვისა, არსებითი განხილვის დაწყებამდე შეაჩეროს ესა თუ ის ნორმა, ანუ იყო შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა იმ კანონის იმ ნორმის შეჩერებაზე, რომელიც თუნდაც ამ უფლებებს ზღუდავს. შესაბამისად, კანონი გასაჩივრდება, მაგრამ შეჩერების მექანიზმი ვერ იმუშავებს,” - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ამასთან ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის საქმიანობა ვადით განუსაზღვრელია, რასაც ემატება ის გარემოება, რომ მას არ აქვს არავითარი იურიდიული ბერკეტი, რათა კომპანიის მეწილეებს შორის დადებული სადავო გარიგება შეცვალოს.

“მთავრობაში ვინც არის გონიერი ადამიანი, იმას უნდა ესმოდეს, რომ დროებით მმართველს იქ დადებული გარიგების შეცვლა არ შეუძლია. ის პერსპექტივა, რაც “კავკასუს ონლაინს” აქვს, არის ვადით განუსაზღვრელი. არაერთი საზიანო შედეგი შეიძლება დადგეს. იგივე “ყაზტრანსგაზის” მაგალითი, რომ გავიხსენოთ კომპანიაში სპეციალური მმართველი ვალების შემცირებისთვის დაინიშნა, თუმცა ვალები გაიზარდა,” - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 1 ოქტომბერს კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაინიშნა.

ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.

Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.

2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

Neqsol Holding-ის შეფასებით, ახალი კანონმდებლობა არაკონსტიტუციურია და ის რეგულატორს უპრეცედენტოდ ფართო უფლებებს ანიჭებს. 2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ კანონის სწორედ ახალი ჩანაწერის საფუძველზე, კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა.

კომპანია ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები