ლიბანში მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, უკვე მე-12 დღეა ბანკები დახურულია. მასობრივი დემონსტრაციები ლიბანში 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ანტისამთავრობო მოქმედებებში ორ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, რაც მთელი მოსახლეობის ნახევარია.
ცნობისთვის: ლიბანის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების და მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყება მთავრობის იმ ნაბიჯს მოჰყვა, რომლის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა WhatsApp-ით სარგებლობისას დამატებითი გადასახადის (თვეში 6 აშშ დოლარი) დაწესება გადაწყვიტა. მასშტაბური გამოსვლების შემდეგ, 18 ოქტომბერს ქვეყნის კომუნიკაციების დეპარტამენტმა გადაწყვეტილება უკან გაიწვია, თუმცა მოქალაქეთა პროტესტი სხვა მოთხოვნებში გადაიზარდა და ამ დრომდე გრძელდება.
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა. აქტივისტები ყოველდღიურად ბლოკავენ ქვეყნის მთავარ მაგისტრალებს და დიდი ქალაქების მთავარ გზებს, მათ შორის დედაქალაქს. ბანკების გარდა, პარალიზებულია სკოლების და უნივერსიტეტების მუშაობაც.
როგორც დღეს ლიბანის ბანკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფინანსო ინსტიტუტები მომხმარებლებს მხოლოდ ბანკომატების საშუალებით მოემსახურებიან. ამას გარდა, ასოციაცია განმარტავს, რომ ბანკომატები პერმანენტულად განახლდება, რათა მოქალაქეებს ფულის გამოტანისას შეფერხება არ შეექმნათ.
ასოციაციაში ასევე იმასაც განმარტავენ, რომ როდესაც ბანკები გაიხსნება, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მკვეთრად შეიცვლება, რაც მოქალაქეების ფინანსურ ვითარებას გააუარესებს.
აღსანიშნავია, რომ როგორც ორშაბათს, ლიბანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ მასობრივი დემონსტრაციები არ შეწყდება, ეკონომიკა უახლოეს დღეებში "დაიშლება".