მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

lit.ge-ზე 2093 ელექტრონული წიგნი ერთი თვის განმავლობაში უფასო იქნება

5e6b450fce0b5
BM.GE
13.03.20 12:30
9480
დღეს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ინტერნეტ-მაღაზია -lit.ge-ზე 2093 ელექტრონული წიგნი ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს. 

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია ესწრებოდა. გიორგი სახოკიამ მადლობა გადაუხადა ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ს, „პალიტრა L”- სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“. გიორგი სახოკიამ მოუწოდა კერძო სექტორს, თავიანთი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის აქტიურ ღონისძიებებში.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე შექმნილი ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ს, „პალიტრა L”- სა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, როგორც მხატვრულ, ასევე სამეცნიერო ლიტერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც არდადეგები არის გახანგრძლივებული და სასწავლო პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო კერძო სექტორს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში“, - განაცხადა გიორგი სახოკიამ.

აღსანიშნავია, რომ არჩილ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი - www.sulakauri.ge ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. გარდა ამისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე: www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მოსწავლეებს სახლში მეცადინეობის საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები