მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოპოტა სპა რეზორტი: უმუშევრად დარჩენილთათვის სოციალური პაკეტი ძალიან სუსტია

5eb5128d5e0ea
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.20 13:12
1178
"ლოპოტა სპა რეზორტის" გენერალური მენეჯერი და საკონსულტაციო კომპანია Local Hospitality-ის დამფუძნებელი ანდრეი ვლასოვი გუშინ მთავრობის მიერ გაცხადებულ ტურიზმის სექტორში ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს. 

BM.GE-სთან საუბრისას ანდრეი ვლასოვი ამბობს, რომ სექტორის განვითარებისთვის მთავრობამ ყველა ის მიმართულება გაითვალისწინა, სადაც დარგის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად უჭირდათ.

"ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ტურიზმის სექტორის ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ დროული იყო. კარგია, რომ სასტუმროების ამოქმედების ვადებმა ცოტა ადრე გადმოიწია. რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, როგორ მოიქცევა საზოგადოება, სად ივლის და სად - არა.

ფაქტია, რომ გადასახადების კუთხით შეღავათები მივიღეთ, ეს ძალიან კარგია და აუცილებელია სექტორისთვის. მე არ ვიცი ხელისუფლებას კიდევ რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა იმიტომ, რომ იქ სესხების სუბსიდირება იყო, საშემოსავლო გადასახადის შეღავათები იყო... ასე თუ ისე, ყველა მიმართულებით გამოგვიცხადეს მხარდაჭერა", - განაცხადა "ლოპოტა სპა რეზორტის" გენერალურმა მენეჯერმა.

თუმცა, ჰოტელიერი მიიჩნევს, რომ ჯერი და პასუხისმგებლობა ახლა სასტუმროებზე გადადის, რადგან მათ მიღებული შეღავათები მართებულად უნდა გამოიყენონ. ანდრეი ვლასოვი ანტიკრიზისული ზრუნვის პაკეტის შესახებაც საუბრობს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულ დამხარების პაკეტს აკრიტიკებს.

"ახლა მთავარია, თავად სასტუმროები როგორ მოიქცევიან, კარგი იქნება თუ ამ შეღავათებით მიღებულ ფინანსურ რესურსებს, რომელიც სასტუმროებს ბიუჯეტში დარჩებათ, თანამშრომლების შენარჩუნებისთვის მიმართავენ.

სოციალური პაკეტი, რომელიც შეიქმნა იძულებით სამუშაო დაკარგულებისთვის, ვთვლი, რომ ძალიან სუსტი სოციალური მხარდაჭერაა და ის თანამშრომელი, რომელიც დღეს შემოსავლის გარეშე დარჩა 200 ლარით, პრაქტიკულად განწირულია. ამის გათვალისწინებით, იურიდიულმა პირებმა შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ხალხი არ დარჩეს შემოსავლის გარეშე", - უთხრა BM.GE-ს ანდრეი ვლასოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები