გასული წელი, როგორც ყველა სხვა ბიზნესისთვის, "მაგნიტისთვისაც" სირთულეებით სავსე იყო. მიუხედავად ამისა, კომპანიას 2020 წელთან შედარებით, შემოსავლების 45%-მდე ზრდა დაუფიქსირდა.
"ჩვენი მაღაზიის საშუალო გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა, რომელიც 2018 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ყველა მაჩვენებელი პოზიტიური მიმართულებისკენ მიდის, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ხარჯვითი ნაწილი, რაც ბიზნესის ოპერირებაზე მოქმედებს.
ენერგომატარებლებისა და იჯარის ხარჯი გაზრდილია. იჯარის სტრუქტურა შეიცვალა და გასულ წელთან შედარებით იჯარის პროცენტი დოლარში მიმდინარე წელს 28%-ით გაიზარდა", - განაცხადა "მაგნიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ია ნადირაშვილმა.
კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების თანახმად, ქსელურ მოთამაშეებს შორის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი "მაგნიტს" აქვს, რომელმაც 2020-ში 326 მილიონი ლარის პროდუქცია გაყიდა.
ასევე, გასულ წელს რითეილ სექტორში ნომერ პირველი მოთამაშე შეიცვალა და ეს პოზიცია "კარფურის" ნაცვლად "ნიკორა/ლიბრეს" ქსელმა დაიკავა, რომლის შემოსავალიც გასულ წელს 18%-ით, 522 მილიონ ლარამდე გაიზარდა. "კარფურის" შემოსავალი 2020 წელს 0.3%-ით, 472.4 მილიონ ლარამდე შემცირდა. მესამე ადგილზეა "ორი ნაბიჯი". კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს 409.9 მილიონი ლარი შეადგინა.