მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაგთი” “კავკასუს ონლაინისგან” ინტერნეტს აღარ ყიდულობს - გია ჯოხთაბერიძე

61cc3c7779037
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.21 15:35
6164
“მაგთი” “კავკასუს ონლაინისგან” ინტერნეტ რესურსს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე კომპანიის დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს შორის კონტრაქტს ვადა 2021 წლის პირველი ნოემბრიდან გაუვიდა ვადა, რის შემდეგაც, “მაგთიმ” ინტერნეტ-რესურსის შეძენა თურქული და აზერბაიჯანელი მომწოდებლებისგან დაიწყო, თანაც აღნიშნულ ინტერნეტრესურსს “ერთი მეასედით” უფრო მაღალი ხარისხი აქვს.

“მაგთი” მის ქსელში ინტერნეტის მისაწოდებლად საბითუმო ინტერნეტრესურსს წლების განმავლობაში სწორედ “კავკასუს ონლაინისგან” ყიდულობდა.

“მინდა გავაკეთო განცხადება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. 2021 წლის პირველი ნოემბრიდან ჩვენ შევწყვიტეთ “კავკასუს ონლაინთან” ხელშეკრულება, გაუვიდა ვადა წინა ხელშეკრულებას. შედეგად, არავითარ ინტერნეტს კავკასუსი არ გვაწვდის, აქედან გამომდინარე, მხოლოდ პატარა კომპანიები თუ ყიდულობენ "კავკასუს ონლაინისგან" ინტერნეტს, მაგრამ მას პრაქტიკულად დიდი კლიენტი საქართველოში აღარ ჰყავს.

ეს საქართველოს არც უგრძვნია. ევროპული ხარისხი, რომელზეც ბატონი კახა ბექაური საუბრობდა, ჩვენ ავარიდეთ თავი ამ ზღვას [ზღვის კაბელს] და შემოგვაქვს ინტერნეტი თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან და გავცემთ კიდეც. შემიძლია ვთქვა, რომ ერთი მეასედით გაიზარდა მისი დაცულობა და ხარისხი. ის კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ არის. ის, რომ ბელგია ევროკავშირშია, ეგ არ ნიშნავს, რომ ინტერნეტი უკეთესია მაგ კაბელში", - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.

“კავკასუს ონლაინი” ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო ინტერნეტის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერი იყო. კომპანიისთვის “მაგთი” საქართველოში უმსხვილეს კლიენტს წარმოადგენდა. 2020 წელს “კავკასუს ონლაინის” მთლიანმა შემოსავალმა 43.6 მილიონი ლარი შეადგინა, მისი ზარალი კი 12.2 მილიონი ლარი იყო. "კავკასუს ონლაინი" შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ოპერატორია. კომპანია 2020 წლის ოქტომბრიდან სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები