პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წელს ცირკულარული ეკონომიკის საკითხის გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში ნარჩენების მართვის კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
ცირკულარული ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს.
„კომიტეტში გვაქვს გეგმა, რომ წელს დავიწყოთ ცირკულარული ეკონომიკის და ნარჩენების აღდგენის თემის აქტუალიზაცია. უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომელი ქვეყნის, რომელი ქალაქის მაგალითის გადმოტანა იქნება სწორი“, - ამბობს მაია ბითაძე.
მისივე განმარტებით, გათვალისწინებულია, რომ უკვე წლის ბოლოს, საკითხთან დაკავშირებით, ნათელი კონტურები გამოიკვეთება.
„ეს არ არის სისტემა, რომელიც 1 წელში იქმნება, მაგრამ პირველადი ინვესტიციების განხორციელება აუცილებელია. ფულს თუ არ დავხარჯავთ, კარგ შედეგს ვერ მივიღებთ“, - დასძინა დეპუტატმა.
გარდა ამისა, გადაცემაში საუბრისას, მაია ბითაძემ ყურადღება ნარჩენების მართვის გრძელვადიან პერსპექტივაზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სოლიდურ რესურსს მოითხოვს, სამომავლო თვალსაზრისით, სარგებელი ძალიან დიდი იქნება. „გარდა იმისა, რომ გარემო არ იქნება დაბინძურებული, ასევე, ნარჩენებისგან შეგვიძლია გაზი და ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი შევქმნათ“, - აღნიშნა მან.