ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე გუნდის, Charlotte Hornets-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, როგორც გუნდმა, ასევე თავად ასოციაციამ. საკალათბურთო გუნდის მთავარი აქციონერი საინვესტიციო ჯგუფი იქნება, რომელსაც ამერიკელი ინვესტორები, გეიბ პლოტკინი და რიკ შნალი ხელმძღვანელობენ. საკონტროლო პაკეტის გასხვისების მიუხედავად, მაიკლ ჯორდანი გუნდის მინორიტარ მეწილედ მაინც დარჩება.
გეიბ პლოტკინი, რომელიც საინვესტიციო კომპანიის, Tallwoods Capital-ის დამფუძნებელია, Charlotte Hornets-ის მინორიტარული წილი ჯერ კიდევ 2019 წელს შეისყიდა და მას შემდეგ, NBA-ის მმართველების საბჭოს წევრიც იყო. საკალათბურთო ინვესტიცია განხორციელებული აქვს რიკ შნალსაც, რომელიც 2015 წლიდან Atlanta Hawks-ის მინორიტარულ წილს ფლობს, მაგრამ ახლა, NBA-ის არსებული წესდებიდან გამომდინარე, ატლანტურ გუნდში საკუთარ წილს ყიდის. საინტერესოა, რომ ზემოხსენებული ინვესტორების გარდა, გარიგებაში ცნობადი სახეებიც მონაწილეობენ, მათ შორის ჩრდილოკაროლინერი რეპერი, J-Cole-ი და ქანთრის ჟანრის მომღერალი, ერიკ ჩერჩი.
გარიგების ზუსტი თანხა ჯერ უცნობია, მაგრამ ESPN-ის ინფორმაციით, Charlotte Hornets-ი $3 მილიარდადაა შეფასებული, რაც მაიკლ ჯორდანის შემთხვევაში შესანიშნავ ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გუნდის შესყიდვიდან ცამეტ წელიწადში, მისი ღირებულება $2.725 მილიარდით, ანუ თითქმის 1000%-ით გაიზარდა. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ღირებულების ზრდის ტრენდი თავად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც შეინიშნება - უკანასკნელი გუნდი, რომელიც გაიყიდა, Phoenix Suns-ი იყო, რომელიც გასული წლის დეკემბერში $4 მილიარდად შეფასდა.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ითქვას თავად გუნდზეც, რომელსაც მაიკლ ჯორდანის მმართველობის პერიოდში დიდი სიმაღლეებისთვის ნამდვილად არ მიუღწევია. რეალურად, მიზეზი, რის გამოც ჯორდანმა სწორედ Charlotte Hornets-ი შეიძინა და არა რომელიმე სხვა გუნდი ისაა, რომ ის მის შტატს, ჩრდილოეთ კაროლინას წარმოადგენს. მაიკლ ჯორდანის 13-სეზონიანი მმართველობის დროს, Charlotte Hornets-ს მოგება-წაგების ნეგატიური ბალანსი დაუგროვდა - გუნდმა 423 მატჩი მოიგო და 600 მატჩი წააგო. ამასთან, გუნდს არც ერთხელ არ მოუგია ფლეი-ოფის სერია, ხოლო ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ის ფლეი-ოფში საერთოდ არ გასულა. მაიკლ ჯორდანის მმართველობის მეორე წელს, Charlotte Hornets-მა, რომელსაც მაშინ Charlotte Bobcats-ი ერქვა, NBA-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი ბალანსი (7-59) დააფიქსირა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემდეგ დრაფტზე 1-ელი პიკის უფლება ვერ მიიღო, ანუ ენტონი დევისი ვერ აიყვანა.
გასული სეზონი Charlotte Hornets-მა მკვეთრი უარყოფითი ბალანსით (27-55) დაასრულა, მაგრამ 1-ლი პიკი კვლავ ვერ მიიღო და მეორეს დასჯერდა და ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად მიჩნეულ ფრანგ ვიქტორ ვენბანიამასთვის ბრძოლას ჩაეხსნა.