მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაისის გეგმას 25%-ით ვასრულებთ, თუმცა მოთხოვნა მზარდია“ – Vanilla Sky

60a661be0aa5e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.21 22:30
852
ავიაკომპანია „სერვის ეარი“, რომელიც საქართველოს ქალაქებს შორის შიდა მიმოსვლას Vanilla Sky-ის ბრენდის ქვეშ ნატახტრის აეროპორტიდან ახორციელებს, მაისის გეგმას 25%-ით ასრულებს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ამირან მანჯავიძე ამბობს, რომ ნატახტარის აეროპორტი, შიდა ფრენების მიმართულებით ტურისტული სეზონის გააქტიურების მიუხედავად, მაინც დაბალი დატვირთვით მუშაობს.

„მაისში გეგმას 25%-ით ვასრულებთ, თუმცა მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. ვფიქრობთ, რომ ივნისის დასაწყისში მოთხოვნა სერიოზულად გაიზრდება და სიხშირეებიც შესაბამისად მოიმატებს“, - ამბობს ამირან მანჯავიძე.

დღეისთვის ნატახტარის აეროპორტიდან ფრენები ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება. თუმცა, როგორც „სერვის ეირის“ დირექტორი აღნიშნავს, მთავრობასთან შეთანხმებით ივნისიდან ბათუმისა და მესტიის მიმართულებით კვირაში სამი რეისი შესრულდება. 

ამირან მანჯავიძის თქმით, ფრენების ღირებულება შენარჩუნებულია. 

"უცხოელი ვიზიტორებიდან ჩვენი მომსახურებით ძირითადად უკრაინელი, რუსი და ისრაელელი ტურისტები სარგებლობენ, ხოლო ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო“, - აცხადებს ამირან მანჯავიძე.

ამასთან, „სერვის ეირის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალ მიმართულებებზე - ბათუმი-თელავი და ბათუმი-მესტიაზე ფრენების ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო. მისი განმარტებით, თელავის მიმართულებით ფრენების დამატება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც თელავის აეროდრომი გარემონტდება, ხოლო ბათუმი-მესტიის მიმართულების ამოქმედება ტურისტული ნაკადების სიხშირესა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

„პანდემიამ და ფორსმაჟორულმა სიტუაციამ თელავის მიმართულებით ფრენების განხორციელების საკითხი დროებით შეაჩერა, თუმცა მომავალი წლიდან შესაძლოა გააქტიურდეს საკითხი, რადგან ბათუმი-თელავის მიმართულებაზე მოთხოვნა დიდია. თუმცა ამ მიმართულებით თელავის აეროდრომი სარემონტოა და ამაზე ვართ დამოკიდებული.

ასევე არის მოთხოვნა ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე, ამ შემთხვევაში შესაძლოა ფრენები ივლისიდან დაიწყოს. ეს დამოკიდებულია აჭარაში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე“, - განაცხადა მანჯავიძემ.

ცნობისთვის, სამი მიმართულებით შიდა ფრენების ღირებულება შემდეგია:

ნატახტარი - მესტია - ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი;

ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი;

თბილისი - ბათუმი - თბილისი ერთი გზა: ზრდასრული – 125 ლარი; ბავშვები (3-12) – 88 ლარი; ჩვილები (0-3) - უფასოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები