მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალდივები ტურისტებს მოგზაურობის პარალელურად, ვაქცინასაც სთავაზობს

607f098d7d907
მარიამ ადამია
20.04.21 22:45
2139
მალდივის კუნძულები - ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო მოგზაურებისთვის კარი გახსნა. მალდივები მუდმივად ცდილობს ახალ რეალობას მოერგოს და უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, მოგზაურთათვის დარჩეს აქტუალური და საინტერესო მიმართულება და რაც მთავარია აინაზღაუროს ერთწლიანი პანდემიური პერიოდის განმავლობაში მიღებული დანაკარგები. ამ კუთხით ქვეყანამ ახალი ტურ-პაკეტების შექმნა/შეთავაზებაც დაიწყო, რასაც "3V tourism"-ს (Visit, Vaccinate and Vacation) უწოდებენ.

ეს ნიშნავს, რომ თუკი მალდივის კუნძულებზე მოგზაურობას გადაწყვეტთ, თქვენ ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობაც გექნებათ. ქვეყანა ასე მეტი ადამიანის დაინტერესებას და მოზიდვას გეგმავს.

ვაქცინაცია ცხადია ორივე დოზას გულისხმობს და დაინტერესებულ პირებს მოუწევთ რამდენიმე კვირის განმავლობაში კუნძულებზე დარჩენა, რაც მოგზაურების მხრიდან მეტი ფულის დახარჯვის და ადგილობრივ ბიუჯეტში მეტი სარგებელის შეტანის ძალიან ჭკვიანური სვლაა. რაც მთავარია, ასე ცდილობენ იმ 1,7 მილიონი ვიზიტორის უკან შემობრუნებას, რომლებიც მალდივებს პანდემიამდე სტუმრობდნენ.

დღესდღეობით მალდივებზე მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს და როცა ადგილობრივები - დაახლოებით 550 ათასი მოსახლე აიცრება, შემდეგ ჩაეშვება ამოქმედდება პროექტი - 3V tourism-ი.

ამდროისთვის, პირველი დოზით ადგილობრივთა 53% უკვე აცრილია. მათი 90% ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმზე მალდივის კუნძულების მშპ-ის 28% მოდის, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ამიტომაც ამ სექტორს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

ცნობისთვის, 2020 წელს მალდივებმა 555,494 ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიური წლისთვის ცუდი არ არის. ამას ადგილობრივი მთავრობა კარგი გეოგრაფიული მდებარეობით ხსნის, სადაც მარტივია კუნძულებზე დამსვენებელთა გადანაწილება, დისტანციის დაცვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და უსაფრთხოების შენარჩუნება.

ახლა მთავარი კითხვაა, დააკმაყოფილებს თუ არა მალდივების ვაქცინის მარაგები იმ მოთხოვნას, რომელიც ახალი პროექტის დაანონსების შედეგად გაჩნდა. ტურიზმის მინისტრის თქმით, ქვეყანამ ვაქცინის შემოწირულობები ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covax-პლატფორმიდან მიიღო და ამჟამად სინგაპურიდან დამატებით შეკვეთას ელოდება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, მოლოდინი აქვთ, რომ ტურისტების მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები