Biletebi.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაქსიმ გალკინის კონცერტი 11 თებერვალს 20:00 საათზე გაიმართება, „მაშინა ვრემენის“ კი 2023 წლის 7 აპრილს დაიგეგმა. Biletebi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მაქსიმ გალკინის კონცერტზე 1 500, „მაშინა ვრემენიზე“ კი 1 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.
„ბილეთების დაბრუნების მსურველებს მათი შეცვლა შეეძლებათ, ხოლო გარკვეული კატეგორიის დაბალფასიან ბილეთებს, ჩვენ სრულად დავიბრუნებთ და მყიდველებს თანხას სრულად ავუნაზღაურებთ, რამეთუ ფილარმონიაში ამ კატეგორიის ბილეთები არ გაიყიდება.
კონცერტების გაუქმების შესახებ ჩვენი განცხადების შემდეგ მინისტრის კომენტარი იყო, რომ პრომოუტერებს სხვა სახელმწიფო დარბაზებისთვის შეეძლოთ მიემართათ. მათ მიმართეს ფილარმონიას და ძალიან ოპერატიულად დაიგეგმა თარიღები. რაც შეეხება იმას - რატომ გადაიდო „მაშინა ვრემენის“ კონცერტი მომავალი წლისთვის, ეს მათი ღონისძიებების განრიგის მიხედვით დაიგეგმა“, - განმარტა გიორგი ჩხიკვიშვილმა.
ცნობისთვის, რუსი შოუმენისა და სატირიკოსის მაქსიმ გალკინის კონცერტის გამართვა სპორტის სასახლეში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს იგეგმებოდა, ხოლო რუსული როკ ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ ღონისძიება 26 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა კონცერტები სპორტის სასახლის ხელმძღვანელობის მხრიდან უარის გამო გაუქმდა. როგორც მაშინ Biletebi.ge-ში აცხადებდნენ, ღონისძიებების გაუქმების მთავარ მიზეზად სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ სარემონტო სამუშაოები დაასახელა.