მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მარკეტინგული აქტივობები ბიზნესს გააძლიერებს” - მარიამ ქვრივიშვილი

60b126c816897
ანუკა ჯოხაძე
28.05.21 23:25
653
ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ციფრული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი დაეხმარება.

ფონდის შექმნის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა, თუმცა პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე კომპანიები უკვე შერჩეულია. საუბარია ტურიზმის სექტორში ჩართულ 50 ბიზნესსუბიექტზე, რომელიც აღნიშნული პროგრამის საშუალებით სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-ზე და ონლაინ სარეკლამო პლატფორმა Google ads-ზე საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობას გაზრდიან.

BM.GE-ის კითხვაზე, რამდენად პასუხობს მარკეტინგულ კამპანიებზე აქცენტირება დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების საჭიროებებს, ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გვპასუხობს, რომ მაშინ როცა ქვეყანა უკვე აქტიურად გამოთქვამს მზაობას ტურისტების მიღებაზე ბიზნესს ფინანსური ინსტრუმენტი სჭირდება იმისთვის, რომ თავიანთი სერვისების ცნობადობა გაზარდონ.

მისი თქმით, ეს პროექტი კი სწორედ ამ ფინანსებზე წვდომის საშუალებას იძლევა. თუმცა ამის პარალელურად ქვრივიშვილი მაინც აღიარებს, რომ დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს კიდევ არაერთი მიმართულებით სჭირდებათ მხარდაჭერა.

“USAID კომპანიებს სწორი საკომუნიკაციო არხებით და მესიჯებით მათი სერვისების ცნობადობის ამაღლებაში შეუწყობს ხელს. ასევე, რაც მთავარი გამოწვევაა, ესაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. USAID მზად არის 50%-იანი წვლილის შეტანით თანამონაწილეობა მოახდინოს იმ მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში, რაც მიზნობრივი იქნება კერძო სექტორისთვის. იცით, რომ საჰაერო მიმოსვლა პოზიტიური ტენდენციით ბრუნდება, 1 ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრებიც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს ფინანსური ინსტრუმენტი სჭირდება იმისთვის, რომ მათივე სერვისები და ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაზარდონ. ეს ერთ-ერთი საჭირო ინსტრუმენტია, რაც დაეხმარება კერძო სექტორს, რომ ცოტათი უფრო გაძლიერდეს. თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი, რომელიც იქნება ამ ინდუსტრიის გაძლიერების გარანტი", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

ცნობისთვის, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ნაწილი თვლის, რომ დღეს ტურიზმის მარკეტინგულ კამპანიებში თანხების დახარჯვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან კომპანიები დღეს სხვა რეალური პრობლემების წინაშე დგანან, რაც მარკეტინგული კამპანიებით ვერ მოგვარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები