მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარკეტოლოგების მუშაობა... კარგი შეფუთვა“ - რა სჭირდება ქვეყანას ტურისტული მიმზიდველობის გასაზრდელად?

64a1921198987
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 09:30
822
სასტუმროების ქართული ბრენდის მმართველი კომპანია „რუმს ჰოტელის“ აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისთვის კარგი მარკეტოლოგების მუშაობა და „კარგად შეფუთვა“ სჭირდება. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ მიმდინარე წლის ტურისტულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, ტურისტული ნაკადები სეგმენტების მიხედვით შეცვლილია. ამიტომ ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის გასაზრდელად სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

„საჭიროა, კარგი მარკეტოლოგების მუშაობა, რომლებიც ბაზარს დაამუშავებენ და გვეტყვიან, რა მიმართულებებში გვაქვს პოტენციალი, გვეტყვიან, რომ შეგვიძლია, თეატრის მიმართულება გავზარდოთ, ფილმების გადასაღებად მოვიწვიოთ ხალხი, ჩვენს უნიკალურ გამაჯანსაღებელ კურორტებზე სპა მიმართულება გავაძლიეროთ - ამ ყველაფერს კარგი შეფუთვა სჭირდება.

შემდეგ ბიზნესისთვის უნდა განისაზღვროს, რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, რა ტიპის საკვები ობიექტების გახსნაა საჭირო, ჯანსაღი კვების ზრდაც... და, რასაკვირველია, პირდაპირი ფრენების გაზრდაა საჭირო, რადგან თუ ტურისტს მიმოსვლა არ გავუმარტივეთ, მსოფლიო ტენდენციაა, რომ გრძელ მარშრუტებზე სიარული უჭირთ“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $795 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ტურიზმის შემოსავლებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაცია იყო, საიდანაც მიღებულმა დანახარჯებმა პირველ კვარტალში 266 მილიონი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები