მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Marks & Spencer-ისთვის ტანსაცმელი ქუთაისში შეიკერება

5d975961c6475
ლიკა გურაბანიძე
04.10.19 16:30
2092
MARKS & SPENCER-ის ქალის ხაზის სამოსი საქართველოში შეიკერება და მიმდინარე წლის დეკემბრიდან მსოფლიო მასშტაბით MADE IN GEORGIA-ს იარლიყით გაიყიდება. 

როგორც BM.GE-ის „იმერის“ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია სიმონიძემ განუცხადა, სამოსის წარმოებას ნოემბერში დაიწყებენ, ხოლო დეკემბერში ის ევროპისა და აზიის ბაზარს მოიცავს.

მისი თქმით, საექსპორტო ბაზარზე თავდაპირველად 17 000 ცალი ქალის სამოსი გავა.

„MARKS & SPENCER-ის აუდიტი გავიარეთ და უფლება მოგვენიჭა მასთან ვიმუშაოთ. შეკერილ პროდუქციას ჩვენ M&S-ს სათაო ოფისს თურქეთში მივაწვდით და შემდეგ ის გაყიდვებისთვის მსოფლიო მასშტაბით გაანაწილებს.
ბრენდთან ოფიციალურად სამკერვალო კომპანია BTM-მმა დაგვაკავშირა, რომელიც M & S-ს შეკვეთების ოფიციალური შემსრულებელია. ერთი წლის განმავლობაში რეკომენდაციების გათვალისწინებით ბრენდის აუდიტი წარმატებით გავიარეთ", - განაცხადა მაია სიმონიძემ.

სამკერვალო საწარმო „იმერი“ მოლაპარაკებების პროცესს ერთ-ერთ ცნობილ იტალიურ ბრენდთანაც აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე მის ვინაობას კომერციულ საიდუმლოებად ტოვებენ. ამ ეტაპზე "იმერს" ქუთაისში ორი მაღაზია აქვს. კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით, 4 მლნ ლარია.

ცნობისთვის: „სამკერვალო კომპანია იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

„შპს „სამკერვალო კომპანია იმერმა“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში, ფინანსური, მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

 აღსანიშნავია, რომ  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი“, - აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები