მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებელთა 49% თვლის, რომ TPDC-ის ტრენინგები მათ საჭიროებებზე ნაწილობრივაა მორგებული - აუდიტი

6079d93562f5d
თამთა ჯიჯავაძე
17.04.21 09:00
1695
მასწავლებელთა 49% თვლის, რომ პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგები მხოლოდ ნაწილობრივ არის მორგებული მათ საჭიროებებზე, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა მასწავლებლების გამოკითხვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. გამოიკითხა 115 მასწავლებელი, რომელთაგანაც 46%-მა შეკითხვაზე: „ჰქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც სასურველ ტრენინგზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს არასაკმარისი ადგილების გამო“, დააფიქსირა დადებითი პასუხი.

ამასთან, აუდიტის მიხედვით, მიუხედავად ადგილების დეფიციტისა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე მასწავლებელი განსხვავებული შინაარსის ტრენინგებს ესწრება წელიწადში 3-დან 5-მდე სიხშირით. სამივე წელს აღნიშნული შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 12%-ია.

„აღსანიშნავია ისიც, რომ წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების ტრენინგებისათვის დადგენილი საათები 35%-ით ჩამორჩება საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრულ გასაშუალოებულ მაჩვენებელს.

2019 წელს სისტემაში არსებულ 17,390 (29%) მასწავლებელს ბოლო 3 წლის განმავლობაში გადამზადების კურსი არ გაუვლია არც ერთი მიმართულებით.

საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების გავლა 2020 წლამდე არ იყო სავალდებულო. პრაქტიკოსსა და უფროს მასწავლებლებს მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადასასვლელად საკმარისი კრედიტქულების დაგროვება იმ შემთხვევაშიც შეეძლოთ, თუ ისინი არ გაივლიდნენ, საგნობრივი მეთოდიკის ან პროფესიული უნარების ტრენინგებს. ამჟამად სქემის მოქმედი რედაქციით, უფროს მასწავლებელს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად ევალება ერთი წლის განმავლობაში გაიაროს ტრენინგი, მინიმუმ, 20 საათის, წამყვან მასწავლებელს − 12 საათის, ხოლო მენტორ მასწავლებელს − 6 საათის მოცულობით, თუმცა არ არის გაწერილი თითოეული დარგისა და საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგები მინიმალური პროფესიული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურება ხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით დაბალი საგამოცდო კომპეტენციის ზღვრის საფუძველზე, ხოლო შემდგომი უწყვეტი პროფესიული განვითარება არ არის მხარდაჭერილი შესაბამისი აქტივობებით, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

"ცენტრის მიერ დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ერთგვაროვანი მიდგომის არსებობას მასწავლებელთა კონტინგენტის სრულად გადასამზადებლად და ფინანსური რესურსის პროდუქტიულად განკარგვისთვის. ამასთანავე, დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით, გადასამზადებლად სქემით დაწესებული საათების ფარგლებში არ არის განსაზღვრული სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები", - აღნიშნავს აუდიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები