საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ bm.ge-თვის მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექდათვალიერება 583 414-მა ავტომობილმა გაიარა, რაც არათუ პანდემიურ 2020 წლის 8 თვის მონაცემებს, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც აჭარბებს.
კერძოდ, ჩვენთვის გამოგზავნილი მონაცემების თანახმად, 2019 წლის 8 თვეში პირველადი ტექდათვალიერება 531 094-მა მანქანამ გაიარა, მეორადი ტექინსპექტირების ჯამური რაოდენობა კი 243 558 იყო. მათგან გამართული ავტომობილების რიცხვი 490 664, გაუმართავი 324 173 იყო. შემოწმებაზე მიყვანილი ავტომობილებიდან 1791-ს გზაზე სიარული აეკრძალა.
2020 წლის მონაცემებით იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 347 294 ათასმა ავტომობილმა გაიარა. განმეორებით ცენტრებში 122 189 ავტომობილი იქნა მიყვანილი, მათი საერთო რაოდენობიდან ტექდათვალიერება გაიარა 321 175-მა, 147 482-მა ვერ გაიარა, ხოლო გზაზე გადაადგილება 826 მანქანას აეკრძალა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, სტატისტიკა ამბობს, რომ 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, პირველად დათვალიერებაზე 583 413, განმეორებით კი 181 512 ავტომობილი იქნა მიყვანილი. თუმცა მოგვიანებით უწყებამ ახალი მონაცემები გამოგზავნა, რომელიც თებერვლიდან აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და აქ უკვე პირველად მიყვანილი ავტომობილების რაოდენობა 439 856-მდე, დახარვეზებულის მეორედ მიყვანილთა რიცხვი კი 161 573-მდე იყო შემცირებული.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნულმა ორგანომ თემაზე bm.ge-ს წერილობითი განმარტებაც გამოუგზავნა, სადაც წერია, რომ აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიმდინარე წლის თებერვლიდან შემუშავდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელშიც ჩართულია ყველა ინსპექტირების ცენტრი და რომელიც უზრუნველყოფს ინსპექტირების ცენტრებიდან მიღებული მონაცემის ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრას.
აღნიშნულ ბაზაში დღემდე მიმდინარეობს წინა წლების ინფორმაციის მიგრაცია და ასახვა სხვადასხვა ცენტრებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც საკმაოდ მოცულობით სამუშაოს წარმოადგენს, შესაბამისად ცდომილებების მიზეზებიც მათი მხრიდან ამ საკითხს დაუკავშირდა.
ინფორმაციისთვის, კომპანია „გრინვეიში“ ინსპექტირების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რეფორმა გამოწვევის წინაშე დგას.