“მცირე კომპანიების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული”- ამის შესახებ BM.GE-ის მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ განუცხადა. როგორც ჭელიძე ამბობს, აღნიშნულ კომპანიებში დასაქმების მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა. მისივე თქმით, ყველაზე დიდი შემცირება ჰორეკას სექტორშია.
ჭელიძემ BM.GE-თან მსოფლიო ბანკის 85 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პროგრამაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თანხების ადმინისტრირება პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მოხდება.
“რაოდენობრივი შემცირება ყველაზე მეტად სწორედ მიკრო და მცირე ბიზნესშია. საერთო ჯამში მცირე კომპანიების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული. მსოფლიო ბანკის დაფინანსება მიმართულია სწორედ პოსტკოვიდური პერიოდისკენ და მიბმულია იმათ დასახმარებლად, ვინც პანდემიამ უშუალოდ დააზარალა. პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მოხდება მსოფლიო ბანკის გამოყოფილი თანხების ადმინისტრირება. სწორედ ამ პროგრამის საშუალებით მიიღებენ მეწარმეები დახმარებას. მიზნობრიობა არის სწორედ პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება", - აცხადებს მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 85 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამით იმ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა მოხდება, რომელიც პანდემიამ დააზარალა. საერთო ჯამში პროგრამით სარგებლობას 6000 საწარმო შეძლებს.