მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცირე მეწარმეებს კონკრეტული გაიდლაინები სჭირდებათ“ – მალხაზ დოლიძე HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე

63f0c9b3bb40e
სალომე ხიდურელი
18.02.23 20:25
839
„კარგი იქნებოდა, თუ სურსათის ეროვნული სააგენტო მცირე საწარმოებისათვის გაიდლაინებს გამოაქვეყნებდა“, - HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრობს.

„ბევრი საწარმო შევაშინეთ HACCP-ის სისტემით, თუმცა ამაში ახალი არაფერია. ძველ დროშიც გვქონდა „ППР“ სისტემა, რომელიც ყველა ქარხანაში მუშაობდა. მწარმოებლებს ჰქონდათ დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც, მიღებულ ნედლეულსა და დანადგარებს სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით ამოწმებდნენ.

ამიტომ, პურ-პროდუქტების სექტორისათვის შევქმნიდი კონკრეტულ საგზაო რუკას, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რა არის საჭირო და აუცილებელი პურის საცხობისათვის. საქართველოში 2500-მდე ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა მიჰყო ხელი პურის წარმოებას, თითოეულ მათგანს კი HACCP-ის სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც მეწარმე განსაზღვრავს, რა პრობლემები აქვს აღმოსაფხვრელი მომდევნო 5 თვის განმავლობაში,“ - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

კითხვაზე, სად და რა ფორმით შეიძლება, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სექტორი ჩაერთოს იმისათვის, რომ პურ-პროდუქტის ინდუსტრია ახალ რეგულაციას მომზადებული შეხვდეს, პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დარგის წარმომადგენლებს პროფესიულ განათლებაში ხელშეწყობა სჭირდებათ.

„გასულ წელს უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან, რომელსაც კონდიტერებიც და მცირე მეწარმეებიც ესწრებოდნენ. გამიკვირდა, ისეთი არაპროფესიონალური შეკითხვები წამოვიდა ზოგისგან. ხალხი არ არის წარმოებაში გათვითცნობიერებული. დროა, ცივილური გზისკენ წავიდეთ.

არ ვამბობ, რომ უმაღლესი განათლება მოვთხოვოთ მეწარმეებს, თუმცა ელემენტარული პროფესიული ცოდნა აუცილებელია. ხშირად მეკითხებიან, რატომ დაკარგა პურმა სუნი და გემო, იმიტომ, რომ სათანადო ფერმენტაცია ვერ გაიარა, ცომი ვერ მომწიფდა, სათანადოდ ვერ გაღვივდა - ამ ტექნოლოგიებს შესწავლა სჭირდება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, 2023 წლის პირველ ივნისამდე სურსათის მწარმოებელ ყველა კომპანიასა და რეალიზატორს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის ანუ HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები