საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებისათვის წელს 40 მლნ ლარამდე გამოიყო და ეს თანხა ქვეყნის მასშტაბით 640 სკოლის მცირე სარეაბილიოტაციო სამუშაოს მოხმარდა - ეს ინფორმაცია, დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს გააცნო.
როგორც თავის გამოსვლაში ბეგიაშვილმა აღნიშნა, ზაფხულის განმავლობაში, არდადეგების დროს, დასრულდა ძირითადი სამუშაოები - მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები, ელექტროგაყვანილობა, მინი მოედნები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტ-დარბაზებს.
ამას გარდა, მინისტრის მოადგილემ საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით წელს არსებული მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.