მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის მუნიციპალიტეტში არც ახალი გენგეგმის ჯგუფის ნამუშევრები მოსწონთ - შენიშვნები დეტალურად

5e1c93b19d07a
დავით ჯალაღონია
13.01.20 21:18
1053
"ჯერჯერობით მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დოკუმენტის მთავარი საზიანო არის ორმაგი სტანდარტები და გარკვეული ლობიზმი მხოლოდ კერძო ინტერესებისა, ქალაქის განვითარებაზე კი თითქოს დოკუმენტში ნათქვამი არაფერია", - ამის შესახებ BM.GE-სთან მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს სხდომას ესწრებოდა.

ამ საბჭოს წევრებმა ის შენიშვნები ჩამოწერეს, რაც მათ გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია "აქოლისთან" აქვთ. საბჭოს წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ გენგეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ჯერ დამკვეთისთვის, ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, მეორე ეტაპის დოკუმენტაციაც არ ჩაუბარებიათ.

კერძოდ, როგორც მუნიციპალიტეტის საბჭოში აცხადებენ, ისინი არ ეთანხმებიან "აქოლისის" მოსაზრებებს, პირველ რიგში, ქალაქის ტურისტული განვითარების საკითხებზე. ხუნდაძე, "აქოლისის" მიერ მომზადებულ კონცეფციაში კერძო სექტორის ლობირების ნიშნებსაც ხედავს, თუმცა, მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და ამბობს, რომ "იუნესკოს" ექსპერტებთან დღემდე ჩატარებული სამუშაო დეტალურად განხილული არ ყოფილა.

"ამ დოკუმენტს სჭირდება სწორი მიდგომა, ექსპერტების ჩართულობა და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც არ ხდება - ადგილობრივი მოსახლეობა არ არის ჩართული, ქალაქის ინტერესები გათვალისწინებული არ არის. ჩვენი ძირითადი მიდგომა არის ის, რომ ტურისტული მარშრუტების განშლა უნდა მოხდეს ქალაქში და არ მოხდეს მხოლოდ ერთი რომელიმე მონოპოლისტური ტურისტული მარშრუტის ჩამოყალიბება, რაც შეინიშნება "აქოლისის" მიერ მეორე ეტაპზე შემუშავებულ დოკუმენტაციაში. განშლადობა გვაძლევს ორ ძირითად სარგებელს - ერთი ის, რომ ტურისტმა და ვიზიტორმა ნახოს მეტი სანახაობა, რაც რეალურად არსებობს ქალაქის მასშტაბით და ასევე, ეკონომიკური სარგებელი გადანაწილდეს ქალაქის მთელ მოსახლეობაზე.

ახალ წლამდე გენგეგმის ჯგუფს ჰქონდა ვადა, რომ ეს პროცესი დაესრულებინა, რაც ხუთ ეტაპს მოიცავს, მაგრამ ხუთი ეტაპიდან ორიც კი არ არის ჯერ ჩაბარებული. თქვენ წარმოგიდგენიათ, როცა ამდენი წლის განმავლობაში მიდის პროცესი და მეორე ეტაპიც დაუსრულებელია, რა დრო დასჭირდება სრულ ხუთ ეტაპს.

ასევე, დოკუმენტის კონცეპტუალური ნაწილი ჩემში და არა მხოლოდ ჩემში ტოვებს ეჭვს, რომ აქ არის ორმაგი სტანდარტები, თითქოს და მხოლოდ კერძო ინტერესებია გათვალისწინებული კონკრეტულ ლოკაციებზე და ის ცდება ქალაქის ინტერესს და "იუნესკოს" შეფასება და მათი მოთხოვნაა, რომ დოკუმენტმა უნდა გასცეს პასუხი, რა სჭირდება ქალაქს. ამ კითხვაზე პასუხი ისევ გაუცემელია.

ეს დოკუმენტი უნდა იქნას გადაგზავნილი "იუნესკოში" და მათი უშუალო ჩართულობაა საჭირო და არა სკაიპ-კონფერენციებით განხილვა, რა დროსაც "იუნესკოს" შეფასება იყო მკაცრი. ასევე საჭიროა საზოგადოებაში განხილვები და მათი ინტერესების გათვალისწინება. მათ არც იციან, რა ბედი ელის საკუთარ ქალაქს და ოჯახების მომავალს. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ვიაროთ, არ შეიძლება დოკუმენტი იწვევდეს ეჭვს, რომ აქ რაიმე კონკრეტული ინტერესების ლობირება ხდება", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის ინტერესებს ხედავს "აქოლისის" მიერ დღემდე მომზადებულ გენგეგმის მასალებში, კონკრეტული პასუხისგან დიმიტრი ხუნდაძე თავს იკავებს.

"მე გამოვთქვი ეჭვი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასების ნაწილი. ამას ძალიან ბევრი გამოთქვამს. დოკუმენტში ჩანს, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ტურისტული მარშრუტების განშლადობა არ არის ასახული. მაგალითად, ფარნავაზის მოედნის განვითარების კონკრეტული კონცეფცია შევთავაზეთ ჯგუფს და აქ დაფიქსირებულია მხოლოდ ის, რომ ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსაზრება და ამ ლოკაციის განვითარება დოკუმენტში პრაქტიკულად ასახული არ არის. ასევე, ჯგუფს წარმოდგენილი აქვს, რომ ჯვრის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაუკავშირდეს სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიას ახალი ხიდით, რომლის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს ასევე "იუნესკო" და შესაძლოა, ეს გარკვეული საფრთხის შემცველიც აღმოჩნდეს და ამ დროს საერთოდ არ ვამახვილებთ ყურადღებას "პომპეუსის ხიდზე", რომელიც საფრთხის ქვეშ არის და მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება, ამ შენიშვნების გათვალისწინებით "აქოლისთან" სამომავლო ურთიერთობას, დეპუტატი განმარტავს, რომ გენგეგმის დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია და ის გადაწყვეტს, საჭიროდ მიიჩნევს თუ არა ტენდერში დოკუმენტაციაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულების გაგრძელებას.

"ჩვენი მიზანი არ არის ხელშეკრულების შეწყვეტა. ჩვენი მიზანი არის ის, რომ დოკუმენტი იყოს თავისუფალი არასწორი დამოკიდებულებებისგან, ორმაგი სტანდარტებისგან, გაუმართლებელი ლობიზმისგან და დოკუმენტმა შექმნას წესები, თუ როგორ უნდა დავიცვათ წარსული და შევქმნათ მომავალი. სხვა შემთხვევაში უსასრულობაში გადავალთ, რაც არაერთხელ ვნახე, რომ ჯგუფი მუდმივად მუშაობს და შედეგამდე ვერ მივალთ", - განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, BM.GE გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციას დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელიც მივლინებაშია და მის პასუხებს, უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, 2015-2017 წლებში მცხეთის გენგეგმაზე ორგანიზაცია "სალი 2011" მუშაობდა, თუმცა ადგილობრივმა საკრებულომ და "იუნესკომ" დოკუმენტი დაიწუნეს, შესაბამისად გადახდილმა 160 ათასმა ლარმა შედეგი არ მოიტანა. ახალი ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია "აქოლისი" კი სამუშაოებისთვის მილიონ 800 ათასი ლარის მიღებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები