მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მდგომარეობის მართვა საველე რესურსის მობილიზების გარეშე, ჯერჯერობით, შესაძლებელია“

618262a334aab
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 14:33
334
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, დამატებითი საველე ჰოპიტლების მობილიზების საჭიროება ქვეყანაში ჯერ არ დგას. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ინფიცირებულთა გაზრდილი ნაკადები მართოს, თუმცა ეს რესურსი უსასრულო არ არის.

„ჯერჯერობით, ნაკადების მართვა ხერხდება, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა იმატებს და დილის მონაცემებით, 330-ს გადააჭარბა. მდგომარეობის მართვა დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე, ჯერჯერობით, შესაძლებელია. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს და არის კოვიდ-სასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურად არის დატვირთული. შესაბამისად, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე დღე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტის ნაკადები იმართოს, თუმცა ეს ბუნებრივია, არ იქნება უსასრულო და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 490, აჭარაში - 529, იმერეთში - 1 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 588 პირი, მათ შორის, თბილისში - 600, აჭარაში - 109, იმერეთში - 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 40, იმერეთში - 33. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 206 - აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები