მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარეების და წყლის სხვა რესურსის გამოყენებისთვის ახალი რეგულაციები მზადდება - დეტალები

61befb6900643
დავით ჯალაღონია
19.12.21 16:10
1187
საქართველოში წყლის რესურსების მართვის სისტემა იცვლება. ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "წყლის რესურსების მართვის შესახებ" ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში უკვე დაიწყო.

რას უნდა ელოდოს ქვეყანა ამ ცვლილებით? - განმარტებით ბარათში წერია, რომ ძირითადი საკანონმდებლო საფუძველი ჩამოყალიბდება, რომელიც წყლის მდგრად გამოყენებას ხელს შეუწყობს, ასევე, რესურსების ინტენსიურ დაცვას უზრუნველყოფს და არ დაუშვებს წყლის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას. ამასთან ერთად, მოსალოდნელია წყლის რესურსების გამოყენებისთვის ნებართვებისა და მოსაკრებლების დანერგვა.

როგორ მოხდება ახალი კანონის აღსრულება და რას გააუმჯობესებს რეგულაციები წყლის რესურსის მართვის თვალსაზრისით, ამ თემაზე BMG გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს ესაუბრა.

წყლის რესურსების მართვის ახალი მოდელის საჭიროება

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია, წყლის რესურსების შენარჩუნება და მისი მდგრადად გამოყენება, ისევე როგორც, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს შორის, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მელიორაცია, ჰიდროენერგეტიკა, თუ მრეწველობის სექტორი, რესურსის ისე განაწილება, რომ გადაჭარბებული რაოდენობით არ მოხდეს წყლის გამოყენება და ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას.

"ჩვენი ქვეყანა სააუზო მართვის პრინციპების მიხედვით, ანუ მდინარეების აუზებად დაიყოფა. სულ 6 სააუზო მართვის სისტემა შემოდის ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, მდინარე მტკვრის აუზი, რომელიც მოიცავს მდინარე მტკვარს, მისი შენაკადებიანად და სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის ჩართულობით, შეიმუშაოს წყლის სააუზო მართვის გეგმები, რომელიც განსაზღვრავს, როგორ შეიძლება რაციონალურად გამოვიყენოთ ამ მდინარის წყლის რესურსი სოფლის მეურნეობისთვის, ენერგეტიკისთვის, მრეწველობის სექტორისთვის ისე, რომ არცერთ სექტორს არ მოაკლდეს წყალი და ეს ყველაფერი თანაბრად იყოს განაწილებული წყალმოსარგებლეებს შორის და ამასთან, ჩვენს მოსახლეობას და მოქალაქეებს არ შეექმნათ სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

წყლის რესურსის გამოყენებისთვის ახალი სანებართვო სისტემა შემოდის

იმისთვის, რომ საქართველოში არსებული წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განხორციელდეს და სახელმწიფომ, თუ რიგითმა მოქალაქემ მისი მოფრთხილება შეძლოს, მთავრობა საჭიროდ თვლის ახალი მექანიზმების შემოღებას. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება მდინარეების, ტბების, თუ სხვა სახის რესურსით სარგებლობის სისტემა და ნებართვის გაცემა შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მოხდება. ნებართვების აღება შეეძლებათ ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც 25 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის წყალს გამოიყენებენ.

"კანონს შემოაქვს წყლის მოხმარების სანებართვო სისტემა, სადაც თითოეულმა წყალმომხმარებელმა, იქნება ეს არსებული, თუ ის, ვინც სამომავლოდ გეგმავს თავის საქმიანობას, უნდა დაასაბუთოს კონკრეტული რაოდენობის წყლის რესურსის საჭიროება, რასაც შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტები განიხილავენ და შემდეგ მათ კონკრეტული რაოდენობით წყლით სარგებლობის ნებართვა მიეცემა. ეს ნებართვა იქნება აუცილებელი როგორც ენერგეტიკის სექტორისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებისთვის.

გარდა ამისა, კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი მეთოდოლოგიები იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა დარჩეს მდინარეში, ან სხვა აუზებში, საიდანაც ხდება წყლის აღება. ამ მეთოდოლოგიით ეკოსისტემამ და ბიომრავალფეროვნებამ შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდება წყალგანაწილება სხვადასხვა სექტორებს შორის, ისე რომ სეზონურად არ გვქონდეს პრობლემა, რომ მდინარეში წყალი საერთოდ აღარ იყოს და ეს აისახოს უარყოფითად, იგივე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე, ან რომელიმე ოპერატორზე, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ფუნქციონირებს.

ყველას, ვისაც დღეს წყალი სჭირდება, მოუწევს თამაშის ამ წესებით ფუნქციონირება და აქ იქნება მნიშვნელოვანი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების როლი, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, რომ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიკრას წყალარინების სისტემები, რომ მდინარეების წყლის დაბინძურება არ მოხდეს, შესაბამისი საკანალიზაციო სისტემები მოეწყოს განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, რაც თავის მხრივ მდინარეებში წყლის ხარისხის მდგომარეობას გააუმჯობესებს", - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.

რაც შეეხება სანებართვო მოსაკრებლის ღირებულებას, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების, ან ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა სავარაუდოდ, 100 ლარი ეღირება, ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვა კი - 200 ლარი.

წყლის მოხმარებისთვის მოსაკრებლების დაწესება იგეგმება

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოში არსებული წყლის რესურსების გამოყენებისთვის მოსაკრებლებიც დაწესდება. ამ სისტემის ამოქმედებაც 2024 წლიდან იგეგმება. ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მოსაკრებლის ოდენობა ბიზნესისა და სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება. მოსაკრებლები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ჩაირიცხება და ამ ეტაპზე არსებული გათვლებით, მათი სავარაუდო, ჯამური მოცულობა წლიურად 5 მილიონი ლარი იქნება.

"კანონი ადგენს პრინციპს, რომ წყლის მოხმარებაზე სხვადასხვა სექტორისთვის გარკვეული პერიოდის მერე დაწესებული იქნება გადასახადი, მოსაკრებლის სახით. დღეს კონკრეტული გადასახადი კანონპროექტს არ შემოაქვს, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ OECD-ისა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, იმისთვის, რომ წყლის მოხმარებისთვის განისაზღვროს რაციონალური მოსაკრებელი და ეს არ იყოს ისეთი ძვირი, რომ ამან გამოიწვიოს დამატებით მძიმე შედეგები მათთვის, ვინც წყლის რესურსს აქტიურად იყენებს.

როდესაც ჩვენ ამ მოსაკრებლის სისტემაზე ჩამოვყალიბდებით, კერძო სექტორთან ერთად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით თარიღზე, როდესაც ის ამოქმედდება, რათა ეს არ იყოს მძიმე ტვირთი როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. მოსაკრებლის დაწესების მთავარი მიზანია, ყველამ მოიხმაროს იმ რაოდენობის წყალი, რაც მას სჭირდება და წყლის რესურსის გაფრთხილება მოხდეს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის სამმა - აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები