მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფუტკრეთა გაერთიანება: „თაფლის ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია“

601c158d78d68
თათია ჩაფიჩაძე
05.02.21 09:00
1177
საქართველოში წლიურად საშუალოდ 4 000 ტონამდე თაფლი იწარმოება, ექსპორტზე კი 2020 წელს მხოლოდ 22 ტონამდე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 240%-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ექსპორტის რეალური ზრდისთვის აუცილებელია, შეიქმნას ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ ინტელექტუალური, ტექნოლოგიური, ფინანსური და ასევე კონტროლის მექანიზმები.

ალეკო პაპავა ამბობს, რომ აუცილებელია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ვეტერინარული სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც მწარმოებლებთან კოორდინირებულად იმუშავებს და ცვლილებების შესახებ მათ საქმის კურსში უმოკლეს ვადაში ჩააყენებს.

დღემდე პრობლემად რჩება აკრედიტებული ლაბორატორიის დაფუძნებაც, რომელსაც პროდუქტის სრულყოფილი გამოკვლევის შესაძლებლობა ექნება.

“აუცილებელია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ვეტერინარული სამსახური, არ უნდა ხდებოდეს ისეთი ფაქტები, რაც მოხდა იტალიაში ქართული თაფლის ექსპორტზე გატანის დროს, როცა თურმე შენგენის ქვეყნებში ვეტერინარული ფორმა შეიცვალა და ჩვენ ეს არ ვიცოდით. ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ცვლილებები, რაც ხდება ევროკავშირში, ჩვენთანაც უნდა აისახოს. სამინისტრომ უნდა ითანამშრომლოს მეფუტკრეთა გაერთიანებასთან და მოხდეს კადრების წარდგენა და შემდგომი მათი გადამზადება.

ლაბორატორიის თემა გარკვეულწილად ისევ პრობლემაა, ანტიბიოტიკების ზოგიერთ ჯგუფზე ისევ ვერ კეთდება კვლევები, რის გამოც გვიწევს ნიმუშების ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაგზავნა, ეს მოლაპარაკებების პროცესს დროში წელავს. საკმაოდ გაზრდილია ინტერესი არაბეთის ქვეყნებიდან, თუმცა მარტო ნიმუშის გაგზავნას თვე ნახევარი მოვანდომეთ, რაც ცხადია შემდგომ თანამშრომლობაზე პოზიტიურად არ აისახება“ - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას პაპავამ.

2020 წელს საქართველოდან ექსპორტზე 21.7 ტონა თაფლი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 122,5 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თაფლი საქართველოდან იტალიაში, აშშ-ში, ბულგარეთში, კანადასა და ყატარში გავიდა. ამ დროისთვის ქართული თაფლის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 4-6 დოლარია. შედარებისთვის უკრაინული თაფლის ღირებულება კი 2 ევრომდე მერყეობს.

თემაზე bm.ge გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ლაბორატორიული ჯაჭვი იდეალურად არის აწყობილი და ბიზნესსუბიექტებს პროდუქციის გატანისთვის ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი. პრესსამსახურის განმარტებით, კომპანიებმა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციები ხარისხობრივი დახვეწის ხარჯზე თავად უნდა გაიმყარონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები