მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეგა ჰოლდინგი“ ₾50 მლნ-ის ინვესტიციით ორ პროექტს ახორციელებს

61f153830b5ff
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.22 18:06
4425
სამშენებლო მასალების მწარმოებელი და დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგი“, რომელიც ბაზარზე რამდენიმე ბრენდით და ბიზნესმიმართულებითაა წარმოდგენილი, ქართულ-უკრაინული 50 მლნ ლარის ინვესტიციით ორ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

კომპანიამ „მეგა გლდანისა“ და „მეგა დიდუბის“ პროექტების განხორციელება 2019 წელს დაიწყო და მათი მშენებლობა 4-წლიან პერიოდს მოიცავს. გლდანსა და დიდუბეში, ორივე პროექტის სამშენებლო მოედანი ჯამში, 2.5 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 70 000 კვ/მ-მდე საცხოვრებელ, კომერციულ, საპარკინგე და ინფრასტრუქტურულ გარემოს მოწყობას გულისხმობს. ორივე პროექტი 4-4 ბლოკისგან შედგება და თანამედროვე ევროპული უბნის კონცეფციით არის დაგეგმარებული, რაც საცხოვრებელი კორპუსების ირგვლივ სარეკრეაციო სივრცის განაშენიანებას გულისხმობს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ნანა ყუფუნია აცხადებს, რომ 50 მლნ ლარიან პროექტებში ფინანსური მხარდაჭერის დიდი წილი - 34 მლნ ლარამდე „საქართველოს ბანკზე“ მოდის.

„ამ პროექტების „მეგა გლდანი“ და „მეგა დიდუბე“ ფარგლებში „საქართველოს ბანკმა“ პირველივე დღიდან უმნიშვნელოვანესი თანადგომა და პარტნიორობა აღმოგვიჩინა. ბანკის მხარდაჭერა კომპანიისთვის მრავალფეროვანი კორპორაციული ტიპის საბანკო სერვისების, რესურსების მოწოდებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ხოლო ჩვენი მყიდველებისთვის - მაქსიმალურად გამარტივებულ, დაჩქარებულ, შეღავათიან და გარანტირებულ შენაძენს“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ნანა ყუფუნია განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დეველოპმენტში ახალი შემოსულია, მისი პროექტების მიმართ ინტერესი დიდია და გაყიდვებიც გააქტიურებულია.

„მიუხედავად პანდემიისა, 2021 წლის მეორე ნახევრიდან ბაზარს აშკარად გამოცოცხლება დაეტყო, დასტაბილურდა გაყიდვები და მომართვაც გააქტიურდა, როგორც მცირე, ასევე დიდი კვადრატულობის ბინებზე. ამ ეტაპზე ჩვენს ორივე პროექტში 400-ზე მეტი ბინაა გაყიდული, რაც ჰოლდინგის გაყიდვების სტრატეგიასთან თანხვედრაშია და კიდევ უფრო მზარდი დინამიკის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილ გადახდის პირობებს ვთავაზობთ - ერთიანი გადახდა, საბანკო იპოთეკა, შიდა უპროცენტო განვადება. შესაბამისად, მყიდველთა უმრავლესობა თამამად ახორციელებს ინვესტირებას ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და ამავე დროს დღეისათვის უკვე სტაბილურ ბაზარზე, რაშიც საბანკო საფინანსო ინსტიტუტებს და მათთან სამშენებლო ბიზნესის აქტიურ, ნაყოფიერ თანამშრომლობას უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვის“, - აღნიშნა ნანა ყუფუნიამ.

პროექტების განხორციელებისას საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობის გარდა, „მეგა ჰოლდინგი“ ამ ორ პროექტთან მიმართებით, „საქართველოს ბანკთან“ მისი პროდუქტის „გარანტირებული შენაძენით“ სარგებლობს, რომელიც ბინის ყიდვის მსურველებისთვის დეველოპერებისგან უძრავი ქონების შესყიდვას აზღვევს. პროდუქტით სარგებლობისას დეველოპერის მხრიდან ბინის ჩაბარების დაგვიანების შემთხვევაში, მყიდველს კომპანიისთვის გადახდილ თანხას ბანკი უნაზღაურებს; მეორე მხრივ კი, დეველოპერებს ფინანსურ ინსტიტუტთან ამ პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში სანდო იმიჯის შექმნის პარალელურად, გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობა უქმნის. „მეგა ჰოლდინგში“ აღნიშნავენ, რომ მყიდველსა და სამშენებლო კომპანიას შორის საბანკო სფერო გარკვეულწილად მესამე მხარის, როგორც ძლიერი პარტნიორის როლს ასრულებს.

„საქართველოს ბანკის“ „გარანტირებული შენაძენი“ სწორედ ამ პრინციპებსა და ბაზრის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია, რომელიც მყიდველს გარანტიას აძლევს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, ამ სამმხრივ ურთიერთობაში თითოეული მხარისათვის სასურველ საბოლოო შედეგზე. ეს კი, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, როდესაც საქმე უძრავი ქონებისა და მასში მყიდველის მიერ საკმაოდ მოცულობითი თანხის ინვესტირებას ეხება. „გარანტირებული შენაძენის“ პროდუქტის კომუნიკაცია ბანკთან ერთად განვახორციელეთ, რამაც მომართვიანობა და მყიდველის გააქტიურება საგრძნობლად გაზარდა, რის საფუძველზეც დღეისათვის ამ პროდუქტის ფარგლებში საბანკო იპოთეკით ბინის შემძენთა წილი მთლიან გაყიდვებში 30%-იან ნიშნულს გადასცდა. ეს ნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბაზარი პოტენციურად მზარდი და ძლიერია, თუკი მომხმარებელს მაღალი სამშენებლო ხარისხით, სანდო პარტნიორობით, კონკურენტული შეთავაზებებით და გადახდის მოქნილი პირობებით უზრუნველვყოფთ“, - განმარტავს ნანა ყუფუნია.

კომპანია არსებულ პროექტების განხორციელებით არ კმაყოფილდება და 2022 წელს რამდენიმე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, „მეგა ჰოლდინგი“ რეგიონის მასშტაბით უნიკალურ, მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ, რიგით მე-5 სამშენებლო კონსტრუქციების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს, რომელიც ასევე უცხოელი პარტნიორების და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და თანადგომით განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები