მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეგადროსი“ ავეჯის წარმოებას იწყებს - ინვესტიცია 6 მლნ ლარია

5f57845f8c51a
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.20 22:00
1382
კარების მწარმოებელი ქართული კომპანია „მეგადორსი“ ავეჯის წარმოებას იწყებს - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა რაულ გაბაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წარმოების გაფართოებისთვის 6 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. კომპანია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით სარგებლობს.

„საწარმო 3 წლის წინ პროგრამის „აწარმოე საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა, ამასთან მიწაც სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადმოგვცა და ვეცადეთ რომ კარგი პროექტი გამოგვსვლოდა. 

ბიზნესს არ უყვარს გაჩერება, ამიტომ არ ვუშინდებით კრიზისს და ამ მდგომარეობას ვიყენებთ კომპანიის განვითარებისთვის. შესაბამისად, გადავწყვიტეთ კარებთან ერთად ვაწარმოოთ ავეჯი. გაცნობებთ რომ ჩვენი კომპანია სამი ხაზით არის ლიდერი: გვაქვს ბუნებრივი ქვების საკმაოდ წარმატებული საწყობი და ლოჯისტიკური ცენტრი ბათუმში, რომლის თბილისში გადმოტანას ვგეგმავთ, ასევე რკინის აქსესუარები და ხე. ვფიქრობთ, რომ ამ სამი კომპონენტით ვაწარმოოთ თანამედროვე ავეჯი“, - განაცხადა რაულ გაბაიძემ.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, 6 მლნ ლარი მიმართული იქნება საწარმოს გაფართოებასა და შოურუმის მოწყობაზე.

„საუბარია 6 მლნ ლარზე, რომლის ნაწილი უკვე ათვისებული გვაქვს, ხოლო დანარჩენი თანხის ათვისება ეტაპობრივად 1.5 წლის განმავლობაში მოხდება. აქ უნდა მოხდეს არსებული საწარმოო ფართის განახლება და გადაიარაღება, შოურუმისთვის კი ვარჩევთ ნაკვეთებს და ამას ჩვენი სახსრებით შევიძენთ.

დღეისთვის ახალი საწარმოს მოწყობაზე დამტკიცებულია 4.8 მლნ ლარის სესხი, რითიც ავეჯის წარმოებისთვის საჭირო დაზგა-დანადგარები შევიძინეთ. აღნიშნული თანხა ასევე საწარმო ფართისა და შოურუმის ასაშენებლადაა გამიზნული“, - განმარტა „მეგადორსის“ დამფუძნებელმა.

რაულ გაბაიძის თქმით, მომხმარებელი მათი წარმოების ავეჯის შეძენას მომავალი ზაფხულისთვის შეძლებს.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს რომ „მეგადორსი“ ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„საექსპორტო ბაზრებზე ვფიქრობ, რომ სამუშაოები მარკეტინგული მიმართულებით არის ჩასატარებელი და ამის შემდეგ შევძლებთ ექსპორტზე გასვლას. ჩვენ გასულ წელს ექსპორტი პოლონეთში განვახორციელეთ და გვინდა რომ ეს პროცესი განვაახლოთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საწარმო „მეგადორსმა“ ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყო. დღეისთვის კომპანიის პროდუქციას ბაზრის 10%-15%-იანი წილი უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები