მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორადი სათამაშოების მაღაზიები "სათამაშოების უსაფრთოების რეგლამენტის" ხარვეზებზე საუბრობენ

5e25536a4ee3a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.20 11:34
2803
"ერთი სული აქვთ როდის მოიშორებენ ამ თემას და "მოპტიჩკავენ" დავალებას შესრულებულად“, - ამის შესახებ BM.GE-ის მეორადი სათამაშოების მაღაზია „პილთონის“ წარმომადგენელმა იოსებ ყრუაშვილმა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ რეგლამენტზე საუბრისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლიდან საქართველოს მთავრობამ „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ რეგლამენტი აამოქმედა, რომელსაც სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის რატი ობოლაძის თქმით, თავიდან რეკომენდაციული ხასიათი ექნება.

განკარგულების პროექტი მთავრობამ 17 იანვრის სხდომაზე მოიწონა, თუმცა დოკუმენტი, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არაა. 

თემასთან დაკავშირებით, BM.GE თბილისში ერთ-ერთი მეორადი სათამაშოების მაღაზიების წარმომადგენელს იოსებ ყრუაშვილს ესაუბრა, რომლებიც აცხადებს, რომ რეგულაცია სავსებით არ მოდის თანხვედრაში სექტორში არსებულ მდგომარეობასთან.

„ამ რეგულაციით ნაჯახით ჭრიან ყველანაირ შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი პროდუქცია მოსახლეობამ მიიღოს იაფად“, - განაცხადა „პილთონის“ წარმომადგენელმა.

როგორც იოსებ ყრუაშვილი ამბობს, სამინისტროსთან, სხვა მაღაზიებთან და ბიზნესომბუდსმენთან ერთად მათ კონსულტაციები ჰქონდათ და რეგულაციის სრულად ამოქმედება ეკონომიკის სამინისტრომ გადადო. კონკრეტულად კი, რეგლამენტის სანქციების ნაწილი 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაციას ბაზარზე მეორადი სათამაშოების მაღაზიის არსებობის შესახებ და არ იცოდა, როგორ უნდა ამოქმდებულიყო ეს რეგულაციები მათთან მიმართებაში.

„მთავარი არსი ამ რეგულაციის არის საფრთხის შემცველი სათამაშოები ამოვარდეს ბაზრიდან და დარჩეს უსაფრთხო სათამაშოები, მაგრამ ეს რეგლამენტი ამ ამოცანას ვერანაირად ვერ ასრულებს.

პირველი - მათ არც იცოდნენ, რომ თბილისში მეორადი სათამაშოები არსებობდა... რომ გაიგეს, ასეთი პასუხი დაგვიბრუნეს: „ჩვენ რომ გავიკითხეთ, საფრანგეთში არ არის მეორადი სათამაშოების მაღაზიებიო“. საფრანგეთი უნდა გავხდეთ, რომ რაღაცეები ზუსტად გადმოვიტანოთ იმათგან... და ასე არ არის. მათ იციან, რომ ჩვენი სათამაშოები უსაფრთხოა, იმიტომ რომ ამერიკის ბაზრიდანაა, მაგრამ არაფერს ცდილობენ. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ის იყო რომ რეგლამენტის სანქციების ამოქმედების ნაწილი, ერთი წლით გადადეს, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საბაჟოზე შექმნიან პრობლემას, გააჩერებენ საეჭვო ტვირთებს ეს ყველაფერი აზარალებს ბიზნესს. რომ ვეკითხებით რა შეიძლება გახდეს ამ ეჭვის მიზეზი, ამაზე პასუხი არ აქვთ. 2-3 დღე კი არ გააჩერებენ.თვეები გააჩერებენ. ინსტრუმენტი ექნებათ რომ ნებისმიერ დროს უსამართლოდ გააჩერონ ნებისმიერი ბიზნესი“, - ამბობს იოსებ ყრუაშვილი.

მაღაზია „პილთონის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ ეკონომიკის სამინისტროსთან რამდენიმე კითხვა ჰქონდათ, მაგრამ უწყებაში ამ კითხვებს ვერ უპასუხეს.

„თავიდან გვქონდა მოთხოვნა გაეხსნათ აქ ლაბორატორია და ადგილზე შეემოწმებინათ ჩვენი სათამაშოები, რაზეც გვიპასუხეს, რომ ლაბორატორიის გახსნისთვის სახელმწიფოს ფინანსები არ ჰქონდა. არაშინაარსობრივი მსჯელობაა, ვიღაცას რაღაც აქვს შესასრულებელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და უნდათ, რომ მონიშნონ შესრულებულად“, - აცხადებს იოსებ ყრუაშვილი.

მისი ინფორმაციით, სათამაშოების მაღაზიების წარმოამდგენლები ევროპელ სპეციალისტებსაც შემვდნენ და ის პრობლემები გააცნეს, რომლებსაც რეგლამენტი შეუქმნის კერძო სექტორს.

„ევროპელებსაც შევხვდით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ რეგლამენტის ამოქმედების ინიციატორები ვინც არიან. მათ დაინახეს, რომ სექტორს არანაირი ინფორმაცია და მზაობა ამ რეგლამენტის ამოქმედებისთვის არ აქვს. მათ გვითხრეს, რომ ისინი ევროდირექტივებთან დაახლოებას ითხოვენ და არა იგივეს კოპირებასო, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა თავისთავად განსხვავდება ერთმანეთისგანო... ეს არის ჩვენთვის პირდაპირ ნაჯახი და გამოვა ისე, რომ ვიღაცეები დაიხურებიან, ხოლო არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები დარჩებიან და შავ ბაზარს განავითარებენ“, - უთხრა BM.GE-ის მეორადი სათამაშოების მაღაზია „პილთონის“ წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის: „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო. მისი მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. რეგლამენტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები