მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ანგარიშგების წარდგენა გადავადდა

5dea6e6608d0f
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 19:09
2116
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება ძალაში შევიდა. ცვლილება გულისხმობს მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნის გადავადებას 2021 წლამდე. 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა აწარმოონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული, მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ძალაშია 2018 წლის 2 ივლისიდან.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენის ვადის გადაწევის მიუხედავად, მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა კვლავ უნდა გააგრძელონ სტანდარტის გამოყენება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების და ანგარიშგების მომზადების მიზნით.

სამსახური ასევე განმარტავს, რომ კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2021 წელს, მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა სამსახურს უნდა წარუდგინონ 2020 წლის ანგარიშგების სრული პაკეტი. სტანდარტის მე-3 განყოფილების შესაბამისად, ანგარიშგების სრული პაკეტი სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

1. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშებას 2020 წლის საანგარიშგებო პერიოდის დასასრულისთვის და 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის როგორც დასასრულისთვის, ასევე დასაწყისისთვის;
2. შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგებას 2020 და 2019 წლების საანგარიშგებო პერიოდებისთვის.

კანონში შესული ცვლილების მიუხედავად, მეოთხე კატეგორიის საწარმოებს შეუძლიათ ნებაყოფლობით წარადგინონ 2018 და 2019 წლების ანგარიშგებები.

"წარდგენილი ანგარიშგებები, სისტემაში პროგრამული თანხმობის შემთხვევაში, გაეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, რომელიც თავის მხრივ, ამ და სხვა ინფორმაციის გამოყენებით, საწარმოს საკრედიტო რეიტინგს შეიმუშავებს. ამგვარი სარეიტინგო ქულის არსებობა საწარმოებს საგრძნობლად გაუმარტივებს ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას,"- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები