მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის უგო ლოპეს-გატელას განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის საგანგებო გამოყენების ნებრთვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, მექსიკურმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტი რუსული ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზის მიღებაზე. კერძოდ, მექსიკა ვაქცინის 400 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს, ერთ მილიონ დოზას – მარტში, ექვს მილიონს – აპრილში და დანარჩენს – მაისში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე, ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით რუსული ვაქცინა სიმპტომური კორონავირუსის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია.
აღსანიშნავია, რომ Sputnik V-ი, ამჟამინდელი მონაცემებით, უკვე რეგისტრირებულია სომხეთში, რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, უნგრეთში, თურქმენეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, ტუნისსა და გვინეაში.