მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მერძევეობაში მდგომარეობა მყიფეა და ყოველდღიურად იცვლება“ - დარგის საჭიროებები

62345428ddc38
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 19:17
895
ნედლი რძის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგას“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ მერძევეობის დარგს ბოლო პერიოდში კრიტიკული პრობლემები შეექმნა. ბიზნესმენმა ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ისაუბრა და განმარტა, რომ სირთულეები მრავალმხრივია.

„რძის ფხვნილის ღირებულება ყველა დროის უმაღლეს ნიშნულამდეა გაზრდილი. მდგომარეობა მყიფეა და ყოველდღიურად იცვლება. ამ დარგისთვის, რასაც წლების განმავლობაში მთავრობას და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვდით, ამ საჭიროებებმა თავი ახლა კრიტიკულად იჩინა. ეს სურვილების და მოთხოვნების მთელი წყებაა. ჩვენს სამეზობლოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამ დარგს არ ეხმარება, გარდა საქართველოსი.

უამრავი მიმართულებაა - ეს იქნება საკვები ბაზა, საწვავი, განაყოფიერების ხარისხიანი მასალის უზრუნველყოფა თუ ლაბორატორიული მომსახურება. ყველა მიმართულებით არ გვაქვს საჭირო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ფერმის საშუალო მონაწველი ერთ ძროხაზე 1 წელში 11 ტონაა, რაც შუაგული ევროპის ქვეყნების მაჩვენებელზე მეტია, ამიტომ პრობლემები გვაქვს ინფრასტრუქტურის არქონაში“, - ამბობს ბიზნესმენი.

„ყვარლის ბაგას“ მფლობელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში უახლოეს პერიოდში რძის პროდუქტები 15-20%-ით გაძვირდება და ეს ფაქტორი მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

„ყველამ და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შემდეგ წლებში ეს ფასები კიდევ უფრო გაძვირდება, ვინაიდან ევროპას აღარ უღირს საქონლის შენახვა და იშორებს მას. საქონლის საკვებში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი სიმინდი, ხორბალი და ქერია. „ყვარლის ბაგას“ ხორბალში უკეთესი მდგომარეობა აქვს, თუმცა ქვეყანაში სიმინდის 80% იმპორტირებულია და ჩვენი წარმოებაც იმპორტირებული სიმინდის მარცვალზეა 100%-ით არის დამოკიდებული, სილოსის ნაწილში ჩვენ წარმოებას თავად ვახერხებთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.

სირთულეების მიუხედავად ყვარელში 2010 წლიდან მოქმედი მერძეული ფერმა 2022 წლის ბოლომდე წარმოების გაზრდას გეგმავს. ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, „ყვარლის ბაგაში“ ყოველდღიურად წარმოებული 35 ტონა ნედლ რძე ქვეყანაში მოქმედ მსხვილ გადამამუშავებელ კომპანიებს „სანტეს“, „სოფლის ნობათს“ და „აგროჰაბს“, ასევე კომპანია „რძის ლაბორატორიას“ მიეწოდება, რომელიც მხოლოდ "კარფურის“ ქსელში იყიდება.

"წლის ბოლომდე ვფიქრობ, დღიურად, 35-დან 40-42 ტონა ნედლი რძის წარმოებაზე ავალთ. ეს არსებული პარტნიორების ფარგლებში მოხდება, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები