თბილისის ვიცე-მერის განცხადებით დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა 2022 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ხმალაძემ ჭკვიანი სისტემის პრიორიტეტები განმარტა და განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემის მომხმარებელი სინგაპური ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და კოპენჰაგენი არიან.
„მისი მთავარი უნარი გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება და დამუშავება. პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით სპეციალური რეჟიმების და გადაწყვეტების შემუშავება. მისი ანალიზი სხვადასხვა სატრანსპორტო კვანძებთან კავშირში, რაც ნიშნავს კონკრეტული გადაწყვეტის შესწავლა რა გავლენას გამოიწვევს სხვა სატრანსპორტო კვანძებთან მიმართებით და ოპტიმალური რეჟიმის ავტომატურ რეჟიმში განხორციელება.
სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტების და საცობების იდენტიფიცირება და მათი დარეგულირების და განეიტრალების მიზნით ავტომატურ რეჟიმში სპეციალური რეჟიმის შექმნა და განხორციელება. მისი უნარია ასევე სპეციალური ტრანსპორტის, როგორიც არის საზოგადოებრივი, სასწრაფო და სახანძრო იდენტიფიცირება პრიორიტეტიზაცია და ამის მიზნით სპეციალური დერეფნების განთავისუფლება სწრაფად გადასაადგილებლად.
საბოლოოდ ჯამში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მიზანი გზებზე უსაფრთხოების ზრდა, საცობებისა და მოგზაურობის დროის შემცირება გადაადგილების სიჩქარის ზრდა და ეკოლოგიური მდგომარების გაუმჯობესება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.