მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია: „საზაფხულო პროგრამებზე“ რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

649a9b1ddb082
BM.GE
27.06.23 12:16
337
თბილისის მერიის 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდულ პროგრამებს მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, ყოველ ზაფხულს ხორციელდება და ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, დასვენებისა და გართობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. 2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი; მუნიციპალური საცურაო აუზი; ჩოგბურთის კორტები; ჯომარდობა; ლაშქრობები თბილისის გარშემო. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება კვებით, ეკიპირებით, გამოცდილი სპეციალისტებით, მწვრთნელებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და უკვე 4 000-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული.

პროგრამებზე, რომლით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები