მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის მერი: სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის დაწესება გაძნელდება

5dc2aa97a2ec2
დავით ჯალაღონია
07.11.19 09:45
3189
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გადახდის დავალდებულება რთული იქნება – ასე პასუხობს BM.GE-სთან საუბრისას ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამომავლოდ, ელექტროენერგიის ხარჯის ამოღება სვანეთის მოსახლეობიდანაც უნდა დაიწყოს.

„საწარმოების მიერ გადახდები უკვე დაწყებულია და თუ ვინმეს მოთხოვნა აქვს საწარმოებზე, სახერხი საამქროები იქნება ეს, სახელმწიფო ობიექტები, საჯარო დაწესებულებები თუ სხვა რამ, ყველგან წარმოებს გადახდა.

მოსახლეობაში ტარიფების ამოღება უჭირთ (ენერგო–პრო ჯორჯიას). არცერთი მოსახლე ტარიფს არ იხდის და ცოტა გაძნელდება ჩვენთან ტარიფის დაწესება. ძალიან გავიჭირდება“, – განაცხადა მესტიის მერმა და დასძინა, რომ თითქმის სამი ათეული წელია, სვანეთში ასეთი პრაქტიკაა.

„1992 წლის შემდეგ ჩვენ არ გადაგვიხდია დენის გადასახადი. ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული მუდამ ასე იყო“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების მოპოვების გამო, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ ეს პრობლემა რეგიონში ისევ რჩება.

„თავად მოსახლეობა ზარალდება ამ დროს, რადგან საყოფაცხოვრებო ტექნიკა რაც არის, ისიც გამოდის წყობიდან, ამიტომ მოსახლეობასთან ერთად ამას მივყვებით, ერთობლივად ვმუშაობთ – შეგონებით, ლაპარაკით და ურთიერთობებით ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება.

თუ სოფელმა იცის და სოფელში რაიმე არის (კრიპტოვალუტების მწარმოებელი სიმძლავრეები), პირდაპირ მიადგება სოფელი იმ ოჯახს, ადამიანს, რომელსაც ეს აქვს ჩართული და თუ ისინიც ვერ აგვარებენ, შემდეგ ჩვენც ვერთვებით.

პრობლემა, რა თქმა უნდა, რჩება. ასე, ერთი ხელის მოსმით მაგის მოგვარება ცოტა ძნელია“, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის: სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება, რის ერთ-ერთ მიზეზსაც მაცხოვრებელთა მიერ კრიპტოვალუტების მოპოვება წარმოადგენს. საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას სწორედ "ენერგო პრო ჯორჯია" აწვდის, მათ შორის არის სვანეთიც, თუმცა რეგიონში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიამ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაახდევინოს სვანეთის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მოხმარების საფასური, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში ენერგომოხმარება მაღალი ტემპით გაიზარდა, "ენერგო პროს" სვანეთის ელექტრომომარაგება სულ უფრო ძვირი უჯდება. ამასთან, კომპანია კრიპტოვალუტების მზარდ გამომუშავებას პრობლემად აღიქვამს და მისი გადაჭრისთვის სპეციალური ზომების მიღებასაც გეგმავს.

“ენერგო პროს” ინფორმაციით, მათ 2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ სვანეთის რეგიონს უსასყიდლოდ 50 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები